კორონავირუსი

კომპანია Tesla ნიუ-იორკის საავადმყოფოებს 1 255 სავენტილაციო აპარატს გადასცემს

Reuters

კომპანია Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ნიუ-იორკის შტატის და ქალაქ ნიუ-იორკის საავადმყოფოებს ასობით სავენტილაციო სისტემას გადასცემდა.

მასკმა 1 255 სავენტილაციო სისტემა სამი მწარმოებლისგან ResMed, Philips, Medtronic შეიძინა. მასკის თქმით, Tesla ყველა მის სავენტილაციო სისტემას, კომპანიის მიერ შეძენილს ან ნაწარმოებს, გასცემდა.

სავენტილაციო სისტემების პირველი პარტია საავადმყოფოებს მომავალ კვირას გადაეცემათ.

"ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ," - ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ Twitter-ზე დაწერა.

მარტის დასაწყისში მასკმა დააანონსა, რომ Tesla ქალაქ ბუფალოში თავის ქარხანას, სადაც მზის ფოტოელემენტებს აწარმოებდა, რაც შეიძლება მალე ხელახლა გახსნიდა და სავენტილაციო სისტემებს აწარმოებდა.

"ნიუ-იორკში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ," - დაწერა მან Twitter-ზე.

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების თითქმის ნახევარი სწორედ ნიუ-იორკის შტატზე მოდის, ქალაქ ნიუ-იორკზე კი აშშ-ის შემთხვევების დაახლოებით მეოთხედი.

პაციენტებს, რომლებსაც დაავადების გამო მდგომარეობა უმწვავდებათ, სუნთქვისთვის სავენტილაციო სისტემები სჭირდებათ, რადგან ვირუსი ფილტვებს აზიანებს.

ნიუ-იორკის მმართველმა ანდრიუ კუომომ თქვა, რომ ვირუსით დაინფიცირების შემდგომი შემთხვევებისთვის შტატს 30 000 სავენტილაციო სისტემა სჭირდებოდა.

Tesla-ს მსგავსად აშშ-ის სხვა ავტომობილების მწარმოებლებმაც გამოთქვეს მზაობა სავენტილაციო სისტემებისა დასამზადებლად.

28 მარტის ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორორავირუსით დაინფიცირების 104 256 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1 704 პაციენტი.

კომენტარები