ღია სკოლები, საზღვრები, რესტორნები - შვედეთის მიდგომა COVID 19-თან ბრძოლაში

იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად სკოლები და რესტორნები დაიხურა და თავყრილობები აიკრძალა, შვედეთმა განსხვავებული მიდგომა არჩია.

შვედეთში კვლავ ღიაა საბავშვო ბაღები და სკოლები მე-9 კლასის ჩათვლით, ღიაა რესტორნები, ბარები, მაღაზიები და სავარჯიშო დარბაზები. არ ჩაკეტილა საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

ადამიანები სამსახურში კვლავ დადიან და საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც იყენებენ. შვედები არც პარკებში გასვლას ერიდებიან გაზაფხულის მზიან ამინდში.

ზამთრის კურორტებზე მატარებლები კვლავ დადიან და არც იმას უჩანს პირი, რომ სააღდგომო არდადეგებამდე ამ მხრივ რამე შეიცვლება.

თუ გერმანიაში აიკრძალა ორზე მეტი ადამიანის თავშეყრა, შვედეთში ჯერ კიდევ ნებადართულია 500 ადამიანამდე თავყრილობა, 29 მარტიდან კი თავყრილობის მონაწილეთა რიცხვი 50-ს აღარ უნდა აჭარბებდეს.

აკრძალვების ნაცვლად, ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ მოსახლეობას რჩევები მისცა, რაც გულისხმობს სიმპტომებიანებისა და 70 წელს ზემოთ მოხუცების სახლში დარჩენას, რესტორნებსა და ბარებში სტუმრების მხოლოდ მაგიდასთან გამასპინძლებას, არააუცილებელი გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვას, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

მათ, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდათ, შეუძლიათ, სიმპტომების გავლიდან ორ დღეში კვლავ წავიდნენ სამსახურში. სკოლაში სიარულს არ უშლიან ბავშვებს, ვის მშობლებსაც ვირუსის სიმპტომები აქვთ.

პრემიერმინისტრმა სტეფან ლოფმენმა მოსახლეობას მოუწოდა, შეიტანონ წვლილი ვირუსის გავრცელების შეჩერებაში. მან შვედებს ურჩია, თავი შეიკავონ ხანდაზმულებთან კონტაქტისგან და იმუშავონ სახლიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრემიერმინისტრი ზომების გამკაცრებას არ გამორიცხავს.

შვედეთის განსხვავებულ მიდგომას საზოგადოების ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს. ჯერ კიდევ 10 მარტს ექიმებმა და მკვლევარებმა ქვეყნის წამყვან სამედიცინო ჟურნალში გამოაქვეყნეს წერილი, სადაც გამოთქვამდნენ შიშს, რომ ზომების გამკაცრების გარეშე ქვეყანა კატასტროფული შედეგის წინაშე შეიძლებოდა, დამდგარიყო. ამ კვირაში კი 2 ათასზე მეტმა შვედმა პროფესორმა და მკვლევარმა მთავრობას გაუგზავნა ღია წერილი, სადაც ისინი ზომების გამკაცრებას მოითხოვენ.

კრიტიკის მიუხედავად, შვედეთის სახელმწიფო ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას კურირებს, ამბობს, რომ სტრატეგია მუშაობს და ქვეყანა მრუდის გაბრტყელებას ახერხებს. მისი თქმით, რბილ მიდგომას ისიც უწყობს ხელს, რომ ესპანეთისა და იტალიისგან განსხვავებით, შვედეთში იშვიათია, რამდენიმე თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდეს, რაც ხანდაზმულების იზოლაციას აადვილებს.

ტეგნელს მიაჩნია, რომ მკაცრი ზომები, როგორიცაა საზღვრების დაკეტვა და რასაც სხვა სკანდინავიურმა ქვეყნებმა მიმართეს, პოლიტიკური ნაბიჯებია და სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია.

"ყველაფერი პოლიტიკური გახდა, საზღვრების დაკეტვა კლასიკური მაგალითია. 2009 წლის ღორის გრიპის პანდემიისას ბევრი ვიმსჯელეთ და შედგა კონსენსუსი მსოფლიოს ექსპერტებს შორის, რომ საზღვრების დაკეტვას არასდროს უმუშავია და არც არასდროს იმუშავებს," - ამბობს ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი.

ამისდა მიუხედავად, ტეგნელი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში შვედეთიც გაამკაცრებს ზომებს.

შვედეთში ამჟამად ახალი კორონავირუსის 3 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 100 პაციენტი გარდაიცვალა და 16 გამოჯანმრთელდა. შედარებისთვის, დანიაში, სადაც დაკეტილია სკოლებიც, რესტორნებიც და საზღვრებიც, მოსახლეობა კი დაახლოებით ორჯერ ნაკლებია ვიდრე შვედეთში, ვირუსის 2 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული და 52 ადამიანია გარდაცვლილი.

თუმცა შესაძლებელია, სინამდვილეში შვედეთში ბევრად მეტი შემთხვევა იყოს, რადგანაც ტესტირება მხოლოდ საავადმყოფოების პაციენტებსა და ისეთ ხანდაზმულებს უტარდებათ, ვისაც ვირუსის სიმპტომები შეენიშნებათ.

კომენტარები