კორონავირუსი საქართველოში

ბულგარეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისი უკვე დაინიშნა

Myway Airlines

ბულგარეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩარტერული რეისით დაბრუნდებიან. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ქალაქ ბურგასიდან საქართველოს მიმართულებით უკვე დაინიშნა ჩარტერული რეისი, რომელსაც ავიაკომპანია Myway Airlines შეასრულებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, რეისი ასევე ჩამოიყვანს საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა. 

ჩარტერული რეისით გამომგზავრების ფასი ერთ ადამიანზე 100 ევრო იქნება. ამ რეისით დაბრუნებული ადამიანები, მსგავსად სხვებისა, 14-დღიან სავალდებულო საკარანტინო რეჟიმში იქნებიან. 

მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის გამო საქართველომ საზღვრები სრულად ჩაკეტა, უცხოეთის ქვეყნებში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო ჩარტერული რეისებით აბრუნებს. 

27 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ქვეყნის გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მგზავრობის მარშრუტი მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით დაგეგმონ.

უწყების ინფორმაციით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში დაეხმარნონ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

კომენტარები