კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ერთ-ერთ შემთხვევასთან, სადაც შიდა გადაცემას ვფიქრობთ, 110 კონტაქტია გამოკვეთილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ერთ-ერთ ინფიცირებულთან, რომლიც, სავარაუდოდ, შიდა გადაცემის შემთხვევაა, 110 კონტაქტია გამოკვეთილი. 

"არ ვიცით ჩვენ ამ 110-დან შემდეგ პირველწყაროს დავადგენთ თუ არა. აქ ისეთი ემთხვევა გვაქვს, რომ დიდი ალბათობით, შეიძლება, ვერ გავიდეთ", - თქვა გამყრელიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში. 

ამირან გამყრელიძის თქმით, სამ შემთხვევაში პირველწყაროს დადგენა უჭირთ და, სავარაუდოდ, "საქმე გვაქვს იმ შემთხვევეთან, როდესაც ჯაჭვისებურად, გუნდასავით მიდის შემთხვევათა რაოდენობა."

"როდესაც არიან ადამიანები, ვინც დადიან საზოგადოებაში, აქვთ სიმპტომები და არ იციან, რომ აქვთ კორონავირუსული ინფექცია. სამ შემთხვევაში ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შეიძლება გვქონდეს საქმე ასეთ შემთხვევებთან, თუმცა, რა თქმა უნდა, მათი კონტაქტების ძიება გრძელდება", - თქვა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, შევდივართ "პრეკრიტიკულ სტადიაში". გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 1 კვირის, 10 დღის შემდეგ დადგეს კრიტიკული სტადია.

გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, რადგან "ამაზე უკეთესი იარაღი, ჯერ-ჯერობით, არ არის." 

დღეს, 28 მარტს, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის პირველწყარო დადგენილი არ არის და დიდი ალბათობით უკვე გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 16 პირი გამოჯანმრთელდა.

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები სრულად მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია. 

კომენტარები