კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მარნეულში არაა სწრაფი ტესტი, არის დაჩქარებული, ქალბატონი ეკა ალბათ აღელდა

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, 25 მარტს ჩინეთიდან ჩამოსული კორონავირუსის 1 000 ტესტი, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე "სწრაფ ტესტს" უწოდებდა, სწრაფი არ არის და, მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრი "ალბათ აღელდა."  

"ქალბატონი ეკა ალბათ აღელდა და სწრაფსა და დაჩქარებულს შორის იხმარა სწრაფი. როცა ღელავს ადამიანი და როცა მან შეიტყო, რომ ეს დიდი კონტრაქტი, დარწმუნებული ვარ, ვიცი, ალბათ აღელდა. მეორე დღეს მან სხვა განცხადება გააკეთა, ხომ? ნუ გამოვეკიდებით ყველა სიტყვაზე ადამიანს", - თქვა გამყრელიძემ ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

გამყრელიძის განმარტებით, მარნეულში კორონავირუსის ტესტირებისას ნაცხი იღება და ტესტირება კეთდება უფრო სწრაფ აპარატზე. რაც შეეხება სწრაფ ტესტს, გამყრელიძის განმარტებით, სწრაფი ტესტი კი პასუხს 15 წუთში ადგენს.

ჩინეთიდან ჩამოსულ ტესტებს, რომელიც პასუხს 1.5 საათში ადგენს, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ "სწრაფი ტესტები" არაერთხელ უწოდა. 

25 მარტს ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ჩინეთიდან "სწრაფი ტესტების პირველი პარტია, 1 000 ერთეული" ჩამოვიდა და მათ მარნეულში გამოიყენებდნენ.

მანამდე, ტიკარაძემ თქვა, რომ "ჩინეთმა გამოყო საჩუქრად 1 000 ცალი სწრაფი ტესტი" , 21 მარტს კი იმედთან ინტერვიუში ტიკარაძემ ამ ტესტების მუშაობის პრინციპზე ისაუბრა

"სწრაფი ტესტი უფრო სწრაფად ადგენს პაციენტი დაინფიცირებულია თუ არა - თუ ლუგარის ლაბორატორიაში საჭირო იყო 5-დან 6 საათამდე, აქ ჩვენ პასუხები გვექნება 1 საათში", - თქვა ტიკარაძემ. 

კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-მ ტესტები, უხარისხობის გამო, უკან გაიწვია. შესაბამისად, საქართველო, დაგეგმილ 215 000 ტესტს აღარ შეიძენს. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 16 პირი გამოჯანმრთელდა.

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები სრულად მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია.

კომენტარები