იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 10 000-ს გადასცდა

ABC

იტალიაში, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ერთერთ მთავარ ცხელ წერტილად ითვლება, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. 

ბოლო 24 საათში იტალიის მასშტაბით კიდევ 889 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში - 10 023, რითიც გარდაცვლილთა რაოდენობით ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 92 472 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს უსწრებს და აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს. 

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. 21 მარტიდან, ლომბარდიაში, იტალიის კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, ჩაკეტვის ზომების გატარების უზრუნველყოფაში სამხედროებიც ჩაერთნენ. იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 8%-ია. ესგაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. 

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს.

კომენტარები