კორონავირუსი საქართველოში

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში დაიწყო შიდა გავრცელების ეტაპი

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გიორგი თარგამაძესთან სტუმრობისას, იმ სამი ინფიცირების შემთხვევაზე ისაუბრა, რომელთა პირველწყაროც დადგენილი არ არის.

ცერცვაძის თქმით, საქართველოში დაწყებულია შიდა გავრცელების ეტაპი, თუმცა მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობა მაინც არ წარმოადგენს კრიზისს.

"საქართველოში დაიწყო შიდა გავრცელების ეტაპი, რომელიც შეიცავს გაცილებით უფრო დიდ რისკებს ინფექციის უკონტროლოდ გავრცელების, ვიდრე ეს იყო მანამდე, სანამ შენარჩუნებული იყო მხოლოდ მესამე რიგის გადაცემა და არ იყო მეოთხეული გადაცემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ინფიცირებულის კონტაქტი იყო იდენტიფიცირებული და საშუალება იყო ეს კონტაქტები გამოკვლეულიყო და იქ შეწყვეტილიყო ჯაჭვი. თუმცა, სიტუაცია ცალსახად შეგვიძლია ჩავთვალოთ პრეკრიზისულად და რატომ - სამი კერა გამოვლინდა, სადაც ვერ მოხერხდა კონკრეტულად ხელის დადება იმ ადამიანზე, თუ ვისგან დაინფიცირდა პაციენტი. ანუ, პირდაპირი კონტაქტები არ არსებობს და აქ უნდა გამოვიყენოთ სხვა სახის მიდგომა, საპასუხო ღონისძიებები და ჩარევები.

კერძოდ, აქ უნდა გამოვიყენოთ კარანტინები, როგორც ეს მოხდა მარნეულსა და ბოლნისში. კარანტინი - მოსახლეობისთვის გადაადგილების შეზღუდვა, შეკრებების შეზღუდვა და უკვე არა ერთეული კონტაქტების გამოკვლევა, არამედ საკმაოდ მასიური გამოკვლევა, თუ მთელი მოსახლეობის არა, რამდენიმე ათასის", - თქვა მან.

გიორგი თარგამაძის კითხვაზე, იგულისხმა თუ არა მან საყოველთაო კარანტინი, თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა:

"მთელი მოსახლეობის კარანტინში გადასვლის საკითხი არ დგას და რატომ - ამ სამ პირს, მე კონკრეტულად მაინც ერთი პირის მაგალითი მაქვს, მარნეულელის. მართალია, ის ვერ ასახელებს კონკრეტულ კონტაქტს და ვერ შემოვიფარგლებით 5,10,15 კაცის კვლევით და ფართო კვლევა უნდა ჩავატაროთ, თუმცა ის მაინც ასახელებს იმ ადგილებს, სადაც ბოლო ორი კვირის მანძილზე იყო. ის იქ იყო, მარნეულში და იყო ვთქვათ წლისთავზე, საველე სამუშაოზე. ანუ, თუ არ არის ზუსტად ცნობილი ის პირები, ვისთანაც იყო კონტაქტში, მაინც ცნობილია არეალი, სადაც ის მოძრაობდა და ის გზა, რომელიც მან გაიარა და ეს მაინც აადვილებს საქმეს. ეს ერთგვარი შუალედური ეტაპია მესამეულ გადაცემასა და მასობრივ შიდა გადაცემას შორის, რადგან მაინც არის საშუალება ამ პირის გადაადგილების მარშრუტს მივსდიოთ და იქ წარვმართოთ ძირითადი ვექტორი კვლევის და არა ყველგან", - თქვა მან.

საქართველოში, 28 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევა არის დადასტურებული. აქედან, 16 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534 ადამიანი, გარდა ამისა კარანტინშია ორი მუნიციპალიტეტი - ბოლნისი და მარნეული.

კომენტარები