კორონავირუსი და ეკლესია

სამებაში მრევლს ერთი კოვზით აზიარებენ

კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე სამებაში მრევლს მაინც ერთი კოვზით აზიარებენ. სამებაში საკვირაო წირვას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო ატარებს. პატრიარქი წირვას ბოდბის დედათა მონასტერში  ესწრება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანა უკვე გადასულია კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე და არის შემთხვევები, როცა დაინფიცირების პირველ წყაროს ვერ ადგენენ.

ცნობილია, რომ საპატრიარქო უარს ამბობს უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზიარებისას. 

კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის.

25 მარტს საპატრიარქომ ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, "უარს ამბობს მაცხოვარზე." საპატრიარქოს განცხადების მიხედვითვე, მათ, ვინც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, მოძღვარი სახლში აზიარებს. 

საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, სრულ განკურნებამდე სახლში დარჩნენ, ხოლო ტაძრებში დაიცვან დისტანცია - 2 მეტრი. ტაძრის ეზოში - 1.5 მეტრი. განცხადების მიხედვით, მოძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, წირვაზე და 7-გზის ზეთისცხებაზე მრევლი კვირის სხვადასხვა დღეებში გადაანაწილონ.

კომენტარები