კორონავირუსი

სამ პირზე მეტის თავშეყრა, 70 წელს გადაცილებულის გადაადგილება - რა იკრძალება 31 მარტიდან

CNN

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტიდან საქართველოში დამატებითი შეზღუდვები წესდება. კერძოდ, პრემიერმინისტრის თქმით, ცხადდება "ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი". 

31 მარტის დილის 10:00-დან იკრძალება:

  • სამ ადამიანზე მეტის შეკრება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია.
  • ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის, ჩერდება მეტროს და ავტობუსების მუშაობა. 06:00--21:00 პერიოდში მოქალაქეებს მოძრაობა შეეძლებათ მხოლოდ ქვეითად, ან მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის ტაქსი), რომელშიც არ უნდა იყოს სამ ადამიანზე მეტი. სამედიცინო სფეროს, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბანკების და სხვა ნებადართული ობიექტების თანამშრომლების გადაადგილება დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს ან მათ პირადი ავტომობილით/ტაქსით იმოძრაონ.
  • 70 წელს გადაცილებული ადამიანის სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის მიდის უახლოეს აფთიაქში, უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში. თუ ისინი მარტოხელები არიან, მათი დახმარების ვალდებულება აქვთ ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებს, ასევე ადგილობრივ მუნივიპალიტეტებს.
  • საგანგებო მდგომარეობის ვადით ანუ 21 აპრილამდე, ცხადდება ე.წ კომენდატის საათი - 21:00-დან დილის 06:00-მდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებსა და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. ამ პერიოდში მოძრაობა მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეძლებათ, რომლებსაც შესაბამისი საშვი ექნებათ (ბიზნესის, მედიის წარმომადგენლები და ის მოქალაქეები, რომლებიც ამ პერიოდში მუშაობენ (მაგალითად, აფთიაქის თანამშრომლები).
  • კომენდატის საათის პერიოდში ფუნქციონირება შეეძლებათ მხოლოდ აფთიაქებს.

გიორგი გახარია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეზღუდვები, რომლებიც 31 მარტიდან ქვეყანაში წესდება, არის არა "საყოველთაო", არამედ, "ფაქტობრივად საყოველთაო" კარანტინი.

“საყოველთაო კარეანტინი გვინდა თავიდან ავიცილოთ. ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეებისთვის სახლიდან გამოსვლის აკრძალვას.ეს დღეს ობიექტური რეალობაა ევროპის ბევრ დედაქალაქში. ჩვენ საბედნიეროდ, ვთვლით, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა იმის, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები ამ ქვეყანაში. ამიტომ ვცდილობთ, დავიჭიროთ ბალანსი. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში უმუშევრობის და ეკონომიკის გაჩერების პირობებში ასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა" - ამბობს პრემიერი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული - აქამდე აკრძალული იყო საჯარო სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრება, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ბანკების, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა, დაიკეტა სავაჭრო დაწესებულებები. მარნეული და ბოლნისი ერთი კვირაა, მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები