პრემიერის და პატრიარქის შეხვედრა

"პრემიერმა და პატრიარქმა გუშინ გამოცხადებულ ახალ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრეს," - ჯაღმაიძე

მთავრობის ადმინისტრაცია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პატრიარქმა და პრემიერმა 30 მარტს გამართულ შეხვედრაზე გუშინ გამოცხადებულ ახალ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ამის შესახებ ჯაღმაიძე ტაბულას ესაუბრა. 

"ჩვენ, ამ სიტუაციაში განსაკუთრებით, ხშირად გვაქვს კონსულტაციები, როგორც ჯანდაცვასთან, ასევე ხელისუფლებასთან, რომ ძალიან აცდენილი არ იყოს ჩვენი პოზიციები. პრემიერმა ისაუბრა პატრიარქთან, რომ მოგვესმინა აუცილებლობის შესახებ, გუშინ გამოცხადებულ ზომებთან დაკავშირებით,"- ამბობს ჯაღმაიძე ტაბულასთან საუბრისას. 

ტაბულას კითხვაზე, იგეგმება თუ არა ცვლილებები ეკლესიაში წირვა-ლოცვებთან და ზიარების წესთან დაკავშირებით, ჯაღმაიძე ამბობს:

"რაღაც მითითებები იქნება კიდევ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია."

რაც შეეხება სინოდის შეკრებას, ჯაღმაიძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში არ იგეგმება. 

გიორგი გახარიამ გუშინდელ ბრიფინგზე თქვა, რომ მთავრობა ეკლესიასთან კომპრომისს იპოვის.

დღეიდან 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი არის გამოცხადებული, იკრძალება სამზე მეტი ადამიანი შეკრება, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

აქამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და 10 კაცზე მეტის შეკრება იყო აკრძალული. 

მიუხედავად აკრძალვებისა და კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტებისა, ეკლესიები წირვა-ლოცვის ჩატარებასა და ერთი კოვზით ზიარებას ამ დრომდე აგრძელებდნენ. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 22 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობაში საკვირაო წირვა აღევლინა, მათ შორის სამების ტაძარში, რომლის შემდეგაც მორწმუნეებმა ერთი კოვზით ზიარება მიიღეს.

25 მარტს საპატრიარქომ ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, "უარს ამბობს მაცხოვარზე." საპატრიარქოს განცხადების მიხედვითვე, მათ, ვინც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, მოძღვარი სახლში აზიარებს. 

ზოგიერთ ტაძარში დისტანციის დასაცავად ადგილები სტიკერებით მონიშნეს. 

კომენტარები