არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი

15 წლის მოზარდთან სქესობრივი კავშირისა და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლთან სქესობრივი კავშირის დამყარებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ო.ა. დამნაშავედ ცნო. 

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ა.-მ 2018 წლის მაისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით 15 წლის გოგოსთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი. 

სამართალდამცველებმა ო.ა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 21 ივლისს თბილისში დააკავეს. მას 5 ეპიზოდზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლთან სქესობრივი კავშირის დამყარება, ხოლო 2 ეპიზოდზე 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

კომენტარები