ახალი კროონავირუსი

უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გაუქმდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო უიმბლდონის 2020 წლის საჩოგბურთო ტურნირი გაუქმდა.

დიდი სლემის შეჯიბრებები 29 ივნისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ორგანიზატორებმა ტურნირის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოხდა. 

ტურნირის ორგანიზატორმა All Englad Club-მა 1 აპრილს საგანგებო შეხვედრა გამართა, რათა ყველა შესაძლო ვარიანტი განეხილათ. 

"ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და ჩვენ ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმაღლესი მიზნებიდან გამომდინარე გავაკეთეთ. ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ იმ საკითხზე, რომ ჩემპიონატი აქამდე მხოლოდ მსოფლიო ომების გამო გადადებულა, თუმცა ყველა სცენარის დეტალურად განხილვის შემდეგ, ჩვენ გვჯერა, რომ ამ გლობალური კრიზისის დროს ეს ზომა, გაგვეუქმებინა წლევანდელი ჩემპიონატი, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა,"- თქვა AELTC-ის თავმჯდომარემ, იან ჰიუითმა. 

ამასთან, საფრანგეთის ღია ჩემპიონატი, რომელიც 18 მაისს უნდა დაწყებულიყო, სექტემბრამდე გადაიდო, მაშინ როდესაც ჩოგბურთის სხვა ჩემპიონატები განუსაზღვრელი დროითაა გადადებული. 

ახალი კორონავირუსის პანდემიამ სპორტზეც დიდი გავლენა მოახდინა. მათ შორის, ერთი წლით გადაიდო ტოკიოს ოლიმპიადა, რომელიც ივლისში უნდა დაწყებულიყო. 

კომენტარები