კორონავირუსი

კორონავირუსის გამო ჩინეთში ხენანის პროვინციის ერთერთი დასახლება ჩაკეტეს

Business Insider

1-ელ აპრილს ცენტრალური ჩინეთის ხენანის პროვინციის ქალაქ ფინტინშანის დაქვემდებარებაში მყოფი დასახლება ძია კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევების შემდეგ ჩაკეტეს.

ძიაში 600 000 ადამიანი ცხოვრობს.

ძიას მაცხოვრებლებს სამსახურში წასასვლელად თავიანთი სახლების დატოვების უფლება არ აქვთ მანამ, სანამ ამის ნებართვა არ ექნებათ. ნებართვის გარეშე ძიას დატოვება არავის შეეძლება.

28 მარტს ხენანის პროვინციის ქალაქ ლუოხეში ახალი კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა. ადგილობრივი მაღალჩინოსნების თქმით, მათ კონტაქტი ჰქონდათ ძიაში მცხოვრებ ორ ექიმთან, რომლებსაც მოგვიანებით ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდათ. ექიმებს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.

ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო პერიოდია, ქვეყანაში ვირუსის შიდა გადაცემის შემთხვევები მინიმალურია და ახალი შემთხვევების უდიდესი ნაწილი უცხოეთიდან ჩამოსულ პირებზე მოდის.

ჩინეთს აშშ კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში, სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს.

ამჟამინდელი მონაცემებით ახალი ვირუსით, რომელიც თავდაპირველად ჩინეთში, ვუხანში დეკემბერში გავრცელდა, 1 მილიარდ 368 მილიონიან ჩინეთში დაღუპულია 3 312 პირი, დადასტურებულია ვირუსით დაინფიცირების 81 554 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 76 238 პირი. ბოლო 24 საათში ჩინეთში ვირუსის 36 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვალება დადასტურდა. 

30 მარტს აშშ-მა COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო. ახალი ვირუსით ყველაზე მეტი 13 155 ადამიანი იტალიაში დაიღუპა, შემდეგ ესპანეთში 9 053, აშშ-ში - 4 394, საფრანგეთი - 3 523. ვირუსით დაინფიცირებულთა დადასტურებული რიცხვით ჩინეთს უსწრებს აშშ, იტალია, ესპანეთი.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 31 მარტს ჩინეთმა განაცხადა, რომ ქვეყანა ასიმპტომურ პაციენტებს საერთო შემთხვევათა სტატისტიკაში არ აღრიცხავდა. საუბარია Covid-19-ით ინფიცირებულ 1,500 მოქალაქეზე, რომლებსაც დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.

კომენტარები