კორონავირუსი და ეკლესია

მეუფე გერასიმე: შეკრების აკრძალვა ეკლესიას თუ ეხება, მოვიდნენ, აქ ვართ, სამიც ვართ და 30-ც

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა ეკლესიას არ ეხება და, შესაბამისად, სამზე მეტი ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა ეკლესიაზე არ ვრცელდება.  

"სად წაიკითხეთ, რომელ განცხადებაში წერია, რომ ეკლესიაში სამზე მეტი ადამიანი არ უნდა იყოს. არსად არ წერია," - ამბობს მიტროპოლიტი.

კითხვაზე ეხება, თუ არა საგანგებო მდგომარეობა და ამის გამო დაწესებული შეზღუდვები ეკლესიას, მიტროპოლიტი პასუხობს:

"ეს საგანგებო მდგომარეობას ეხება და არა ეკლესიას, მე მგონი ეს მკაფიოდაც იყო განმარტებული. თუ ეხება მობრძანდნენ, აქ ვართ, სამნიც ვართ, 30-ც და უფრო მეტიც."

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმდებეს ე.წ კომენდანტის საათი. აკრძალულია სამ კაცზე მეტის შეკრება. 

პატრიარქის ბოლო მიმართვის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ეკლესია არ აპირებს წირვა-ლოცვების შეჩერებას და ზიარებაც კვლავ ერთი კოვზით მოხდება.

კომენტარები