ოჯახში ძალადობა

საფრანგეთში ქალები ოჯახში ძალადობის შესატყობინებლად აფთიაქებში კოდურ სიტყვას იყენებენ

CNN

ესპანეთის მსგავსად, საფრანგეთში, COVID-19-ის გავრცელების გამო შემოღებული კარანტინის პირობებში, ოჯახში ძალადობის და გენდერული ძალადობის მსხვერპლებს, რომლებსაც პოლიციაში დარეკვის ეშინიათ, მოუწოდებენ აფთიაქებში მივიდნენ და კოდური სიტყვა "ნიღაბი 19" გამოიყენონ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით პარიზში ოჯახური ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიებების რიცხვი კარანტინის შემოღებიდან 36%-ით გაიზარდა. მთავრობამ გამოაცხადა, რომ ფისოქოლოგიური კონსულტაციის ცენტრები სუპერმარკეტებში გაიზრდება, ხოლო მსხვერპლთათვის სასტუმროებში 20,000 ღამეს დააფინანსებენ.

მსგავს საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ იტალიაში ქალთა თავშესაფრების წარმომადგენლები. ავსტრალიის მთავრობის მიხედვით კი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შემდეგ Google-ში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ დახმარების ძებნის მაჩვენებელი 75%-ით გაიზარდა. მთავრობამ მსხვერპლთა დასახმარებლად 92 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო საყოველთაო კარანტინის შემოღებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში გენდერული ძალადობის ფაქტზე ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევები 12.4%-ით, ონლაინ კონსულტაცია კი 270%-ით გაიზარდა.

მთავრობამ ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც ქალებს ხელს შეუწყობს დარეკონ ცხელ ხაზზე. "ჩვენ შენთან ვართ" წერია ბანერებზე, რომლებიც ესპანეთის ქუჩებშია გამოკრული ცხელი ხაზის ნომრით 016.

გარდა იმ ცენტრებისა, სადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათ შვილებს ათავსებენ, მთავრობის გადაწყვეტილებით რამდენიმე სასტუმრო ამ მიზნისათვის გამოიყოფა.

საფრანგეთში ამჟამად გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 59,105 შემთხვევა, დაიღუპა 5,387 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 12,428. იტალიაში გამოვლინდა დაავადების 115,242 შემთხვევა, დაიღუპა 13,915, გამოჯანმრთელდა 18,278 ადამიანი. ესპანეთი ამჟამად ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სულ გამოვლენილია დაავადების 117,710 შემთხვევა, დაიღუპა 10,935, გამოჯანმრთელდა 30,513 ადამიანი.

კომენტარები