ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კვლავ თვითიზოლაციაშია, მას Covid-19-ის არამწვავე სიმპტომი აქვს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, რომელსაც 1 კვირის წინ, 27 მარტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, კვლავ თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან მას ვირუსის არამწვავე სიმპტომი აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ უკეთ ვარ და თვითიზოლაციის 7 დღე გავიდა, მე [კორონავირუსის] ერთერთი სიმპტომი, არამწვავე სიმპტომი, ტემპერატურა მაქვს," - განაცხადა ბრიტანეთის პრემიემინისტრმა Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ჯონსონის თქმით, მთავრობის რჩევის გათვალისწინებით, ის კვლავ თვითიზოლაციას განაგრძობს მანამ, სანამ ვირუსის სიმპტომი არ გაუქრება.

ვიდეომიმართვაში ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ის და მისი მთავრობა მთელი დრო თავიანთ პროგრამაზე მუშაობდნენ, რათა ვირუსი დაემარცხებიათ.

პრემიერმინისტრმა მოსახლოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სახლში დარჩენილიყვნენ.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფო აპრილის ბოლოს მასობრივ ტესტირებაზე გადასვლას გეგმავს. ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, აპრილის ბოლოს ინგლისში დღეში 100 ათასი ტესტი ჩატარდება. ჯონსონმა განაცხადა, რომ სწორედ მასობრივი ტესტირებების ჩატარებით დაამარცხებდნენ ვირუსს.

გაერთიანებულ სამეფოში ამჟამად ახალი კორონავირუსის 34 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 2900-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 192 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები