კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-3 ადამიანი გარდაიცვალა

cnn

ახალი კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს. ცერცვაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი 86 წლის ქალია. 

"პრაქტიკულად ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში. მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, რომელიც შეფასებული იყო მაქსიმალური 82 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები,"- თქვა ცერცვაძემ. 

ცერცვაძის თქმით, 86 წლის ქალი 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა ინფექციურ საავადმყოფოში და ამ დროის განმავლობაში ის რეანიმაციაში იყო. 

"ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, ვფიქრობ უფრო მეტიც, ვიდრე ადამიანს შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაცია იყო ისეთი, რომ შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა," - ამბობს თენგიზ ცერცვაძე. 

საქართველოში სულ ახალი კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 45 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 

დღევანდელი შემთხვევის ჩათვლით, ჯამში საქართველოში ახალი კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა. პირველი გარდაცვლილი 79 წლის ქალი იყო, ხოლო მეორე - 81-ის. 

21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ქვეყანაში გამოცხადებულია ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინიც, რომელიც სხვა შეზღუდვებთან ერთად 21:00-დან 06:00 საათამდე კომენდანტის საათსა და 3 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვასაც ითვალისწინებს. 

კომენტარები