კორონავირუსი საქართველოში

აპრილი და მაისის პირველი 2 კვირა იქნება საკმაოდ რთული - ამირან გამყრელიძის პროგნოზი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, Facebook Live-ში ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა პროგნოზი აქვს საქართველოს ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკთან დაკავშირებით. გამყრელიძის პროგნოზს სრულად გთავაზობთ.

"ეს ახალი ინფექციაა, როგორც მოგეხსენებათ. ვირუსის ქცევის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ წამყვანი ქვეყნების წამყვანი ლაბორატორიები მუშაობენ ამ საკითხზე და არის ბევრი თეორია, ასევე არსებობს ბევრი მათემატიკური მოდელი ამ დაავადების განვითარების, რომლებიც სხვადასხვა მონაცემს იძლევიან. ჯერჯერობით მსოფლიო ერთ მონაცემზე ვერ ჯერდება, ვთქვათ, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ან როგორი იქნება. 

მაგრამ გამოკვეთილია მაინც ორი მოსაზრება: რადგან ეს არის მაინც რესპირაციული ვირუსი, კორონას ჯგუფის წარმომადგენელი და მართალია ახალი კორონავირუსი, მაგრამ კორონავირუსის, დაახლოებით, 4 ჯგუფი ცნობილია, რომელიც ჩვენთანაც ცირკულირებს და მას აქვს ხოლმე სეზონური ხასიათი, ისევე, როგორც სხვა სეზონურ ვირუსებს, როგორიც არის მაგალითად, გრიპი, როგორიც არის ადენო, რინო და ა.შ. ამიტომ, ყველა ამათ მაინც რაღაც საერთო ქცევის წესები აქვთ და როგორც წესი, ისინი ზაფხულისკენ ცოტა უკან იხევენ. ცოტა კი არა, კარგად უკან იხევენ, თუმცა მაინც გვაქვს ხოლმე ზაფხულობით გრიპის შემთხვევა. 

ალბათ, მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ უფრო თბილ სეზონზე ამ კორონავირუსმაც უკან უნდა დაიხიოს და შედარებით წავიდეს კლებისკენ, როგორც ახალი შემთხვევები, ისე სიკვდილიანობა და რომ ის გარდაიქცეს ე.წ სეზონურ ვირუსად, რომელიც შეგვახსენებს ხოლმე თავს სიცივეში და ის შეიძლება იყოს უფრო რთული და მძიმე, ვიდრე გრიპის ვირუსი. ამიტომაც, მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები და ინსტუტები აქტიურად მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე. 

წინა კორონავირუსის შემთხვევები, როგორიც იყო მაგალითად სარსი ან შუა აღმოსავლეთის კორონავირუსი, იმაზე ვაქცინები კი შეიქმნა, მაგრამ არ გამოყენებულა, ამაზე მუშაობენ ძალიან აქტიურად, რომ შეიქმნას ვაქცინა იმიტომ, რომ ფიქრობენ, რომ ის გადაიქცევა სეზონურ ვირუსად და საჭირო გახდება ე.წ სეზონისწინა იგივე სეზონის განმავლობაში ვაქცინაცია, როგორც მთავარი საშუალება. 

საქართველოში ვფიქრობთ, რომ ჩვენ ჯერ აღმავალ ფაზაში ვართ, გვაქვს მატება. ჩვენი პროგნოზები გარკვეულად ემთხვევა მოცემულობას. მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ წინა კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა და კვირა დღის ბოლოს იყო 185 და ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350-დან 400-მდე. აქამდეც აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნებოდა საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი და შემდეგ ყოველკვიურეულად ველოდებით, რომ იქნება გაორმაგება. აპრილი და მაისის პირველი ორი კვირა იქნება საკმაოდ რთული. ამიტომ, ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით კი - სოციალური დისტანცირება. 

სოციალური დისტანცირება ეს გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ინფექციასთან ბრძოლის და იქ, სადაც უკვე ოდნავ ქვემოთ წამოვიდა ახალი შემთხვევები, ჩინეთში, ავსტრიაში და იტალიაშიც არის კლების ტენდენცია, ეს ყველაფერი მოხდა პირველ რიგში მძლავრი სოციალური დისტანცირების ხარჯზე. 

თუმცა, არის კიდევ სხვა მოდელებიც, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს უფრო გვიან - ივლისში, სექტემბერში და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ ამაზე გარკვეული პერიოდულობით ჩვენთან ექსპერტების ჯგუფი იკრიბება, სადაც ამაზე ვმსჯელობთ

[...] დღეს არის 196 ადამიანი ინფიცირებული. ველოდებით, რომ ამ კვირის ბოლოს ეს სულ მცირე გაორმაგდება, შემდეგ კიდევ გაორმაგდება. აპრილის ბოლოს ჩვენი პროგნოზია, რომ იქნება, დაახლოებით, 1 000 - 1 200-ის ფარგლებში ინფიცირებული. რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებულებიც მოიმატებს ამ პერიოდში ბევრად და შემდეგ, როგორც გითხარით, კიდევ და კიდევ ეს გარკვეულად... ჩვენ არ გვინდა მივიღოთ გეომეტრიული პროგრესია და ამიტომაც ვთხოვთ ამ რეკომენდაციების დაცვას. არსებობს სამი სცენარი და ამ რიცხვებზე მე აღარ მოგახსენებთ, თუ ყველაზე რთული ვერსიის დროს, რამდენი ადამიანი შეიძლება ერთდროულად დაინფიცირდეს ქვეყანაში და ეს სცენარები არ არის იმისთვის გამიზნული, რომ საჯაროდ გამოვაქვეყნოთ". 

კომენტარები