კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 2 ახალი პაციენტი 70 წელს გადაცილებულია, ერთ-ერთს აქვს შაქრიანი დიაბეტი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 12 ახალი ინფიცირებულიდან 2 ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. მისივე ინფორმაციით, მათი ინფიცირების წყარო ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერია.

" ეს ორი პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული. ერთ-ერთ მათგანს აქვს შაქრიანი დიაბეტი. ამიტომ ერთთან ორმაგი რისკია- ასაკი და თანაარსებული დაავადება. ეს პაციენტები გუშინ დღის მეორე ნახევარში მოთავსდნენ ჩვენთან, ახლა გაფართოებული კვლევები ჩატარდება და ხვალ შემეძლება მათი ზოგადი მდგომარეობის ახსნა", - თქვა ეზუგბაიამ.  

მისივე თქმით, ახალი ინფიცირებული პაციენტებიდან 5 ბათუმში მკურნალობს, 2 ქუთაისში, 5 კი თბილისში. კორონავირუსით ინფიცირებული 208 ადამიანიდან 71 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.

ეზუგბაიას ცნობით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ 24 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება.  

"ამ 24 პაციენტიდან 9 იყო განმეორებითი, მათგან 6 გამოჯანმრთელებული იყო. 3 იყო პირველად უარყოფითი, ჩატარდება განმეორებითი ტესტირება. დანარჩენი 2 ახალი შემთხვევა იყო დადებითი, 13 კი უარყოფითი", - თქვა ეზუგბაიამ. 

რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ 4 პაციენტიდან, რომელთაც მძიმე პნევმონია ჰქონდათ, 2 დასტაბილურდა.

"გვყავდა 4 მძიმე პნევმონიით პაციენტი, მათგან 2 უკვე დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. ჯერ-ჯერობით 2 გვრჩება მძიმე პნევმონიით, თუმცა აქაც უკვე შეინიშნება გაუმჯობესება და იმედი მაქვს, რომ 1-2 დღეში მათაც ჩვეულებრი განყოფილებებში გადავიყვანთ", - თქვა ეზუგბაიამ.  

საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 46 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები