კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: ქართული წარმოების პირბადეები ქსელში დღეიდან ჩაეშვება, ფასი სუბსიდირებულია

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროდუქცია სააფთიაქო ქსელებში დღეიდან ჩაეშვება.

"დღეიდან, ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუშვით სააფთიაქო ქსელებში. 400 ათასი პირბადე საწყის ეტაპზე, დაახლოებით 2 დღე დაჭირდება, რომ პირბადეები მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს ხელმისაწვდომი. ყველაზე გვიან უკვე შაბათს ყველგან შესაძლებელი იქნება ქართული წარმოების, მრავალჯერადი პირბადის შეძენა.", — განაცხადა თურნავამ.

თურნავას თქმით, სახელმწიფოს სურვილიდან გამომდინარე, რომ პირბადეები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის, სახელმწიფო პროდუქციის ფასს დაასუბსიდირებს.

"რაც შეეხება ფასს, როგორც იცით ჩვენ წარმოებისთვის საჭირო მასალას სხვადასხვა მიმწოდებლებისგან ვყიდულობთ და ამას აქვს თავისი ფასი. მიუხედავად იმისა, რომ წარმოება 1 ლარზე მეტი ჯდება, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი მივიღეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეები 50 თეთრად გაიყიდება, ეს არის სუბსიდირებადი ფასი, სახელმწიფო მოახდენს ფასის სუბსიდირებას", — ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

თურნავას თქმით, სააფთიაქო ქსელები საკუთარ მოგებაზე უარს ამბობენ და პროდუქცია 50 თეთრად გაიყიდება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, საწყის ეტაპზე აფთიაქები თითო მოქალაქეზე გასაყიდი პირბადეების ლიმიტს დააწესებენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ პროცესში გვეთანმშრომლებიან აფთიაქები და პროექტს აღიქვამენ როგორც სოციალური მნიშვნელობის და აქედან გამომდინარე, საკუთარ მოგებას ამ ფასს არ დაამატებენ. იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი ჩვენ შევთანხმდით, რომ საწყის ეტაპზე აფთიაქები თავად დაადგენენ ლიმიტს - თუ რამდენი პირბადე შეიძლება შეიძინოს თითო მომხმარებელმა", — ამბობს ნათია თურნავა. 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრიორიტეტული ამ ეტაპზე ბოლნისის, მარნეულის და ვანის მუნიციპალიტეტია და პირბადებიის პირველი პარტია სწორედ ამ რეგიონებისკენ იქნება მიმართული.

ნათია თურნავა, ასევე განმარტავს, რომ სააფთიაქო ქსელები პარალელურად მათ მარაგებში არსებულ სხვა სახის პირბადეებსაც გაყიდიან, რომელიც არ არის შემხებლობაში სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასთან.

კომენტარები