ეკლესია და კორონავირუსი

დეკანოზი შალვა: აღდგომის მსახურებაში ცვლილება ჯერ არ არის, ამ ეტაპზე რჩება ისე, როგორც იყო

რუსთავი 2

"აღდგომის მსახურებაში ჯერჯერობით სინოდს ცვლილება არ შეუტანია," - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ რუსთავი ორის ეთერში ისაუბრა. კეკელია ამბობს, რომ ყველა პატრიარქის დადგენილებას ელოდება. მისივე თქმით, "ამ ეტაპზე ყველაფერი რჩება ისე, როგორც ადრე იყო".

დეკანოზი ამბობს, რომ მრევლი ტაძრებში "წესებს იცავს". 

"გუდვილში ვიყავი და 400-მდე ადამიანი მაინც იყო, რომლებიც ძალიან მოწესრიგებულად იდგნენ დიდ სივრცეში. ეკლესია იცავს ყველა წესს და რეკომენდაციას, რაც არის მოცემული და მე ვერ ვხედავ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა აგვეკრძალოს მსახურება თუ ჩვენ ყველა წესს დავიცავთ," - ამბობს კეკელია.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ასევე 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული. აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება. თუმცა, საპატრიარქო ღვთისმსახურებაზე ადამიანების დასწრებას არ ზღუდავს. ისინი აგრძელებენ ხატებზე მთხვევას და ერთი კოვზით ზიარებას.

დეჯანოზმა კეკელიამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ კომენდანტის საათი მრევლს ხელს ვერ შეუშლიდა აღდგომის ღამეს ლიტურგიაზე დასწრებაში - ისინი საღამოს 9 საათამდე შეიკრიბებოდნენ და დილამდე ტაძარში დარჩებოდნენ. მოგვიანებით დეკანოზმა თქვა, რომ ეს სიტყვები უკან მიჰქონდა, რადგან საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო. 

კომენტარები