ქართველები უცხოეთში

კაპანაძე: ტემპი, რომლითაც ადამიანები საქართველოში ბრუნდებიან, არადამაკმაყოფილებელია

პირველი არხი

ევროპული საქართველოს დეპუტატის სერგი კაპანაძის თქმით, მთავრობას ნამდვილად შეუძლია მეტის გაკეთება იმ ადამიანების დასახმარებლად და საქართველოში დასაბრუნებლად, ვინც საზღვრებს მიღმა გაიჭედა და ვერ ბრუნდება.

კაპანაძე ამბობს, რომ ტემპი, რომლითაც ადამიანები საქართველოში ბრუნდებიან, არადამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, თუ ხალხი ჩამოყვანა ამ ტემპით გაგრძელდება, ათასობით ადამიანი შეიძლება ორი თვე იყოს გაჭედილი უცხოეთში.

"ეს არის სრულიად მიუღებელი პრაქტიკა. სამწუხაროდ, დისკუსია ქვეყნის შიგნით იმაზე მიდიოდა თვითმფრინავები არის თუ არა და მათი მეშვეობით ჩამოყვანა თუ იყო შესაძლებელი. არაფერ შუაში არ არის თვითმფრინავები. ძალიან ბევრი ავიაკომპანია მზად არის დღესაც, რომ ჩამოიყვანოს. პრობლემა, როგორც ჩანს, ჩვენთან არის ის, რომ საკარანტინე სივრცეები არ არის მზად და ამიტომ არ ჩამოჰყავს ხელისუფლებას ეს ხალხი. არ არიან მზად, რომ მიიღონ ეს ხალხი და განათავსოს კარანტინებში," - ამბობს კაპანაძე.

სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა უნდა ჰქონდეს ამ ხალხის ჩამოსაყვანად და ვისაც ვერ ჩამოიყვანს, კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, რათა მათ საცხოვრებელი პირობები და დასარჩენი ჰქონდეთ. 

"ამ გეგმის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან ჩვენს საკონსულო დაწესებულებებში და უკვე აქვთ დაბრუნების სურვილი დაფიქსირებული, მათ უახლოეს რამდენიმე დღეში უნდა მოემსახურონ და ჩამოიყვანონ უკან, თუ არა და მათ უნდა გადაუხადონ გარკვეული კომპენსაცია, მინიმალური ხელფასის ოდენობის შესაბამისი რაოდენობით, ეს შეიძლება იყოს განსხვავებული ქვეყნების მიხედვით, მაგრამ არა უმცირეს 600 ევროსი," - 

კაპანაძის თქმითვე, იგივე გეგმა უნდა მოქმდებედეს იმ ადამიანებისათვის, ვინც მომავალში დარეგისტრირდება და გამოთქვამს ჩამოსვლის სურვილს. 

"ეს იქნებოდა სწორი და პასუხისმგებლიანი მიდგომა და არა ის, რომ ყველაფერს აკეთებენ. რამდენიმე ასეული ადამიანი ჩამოიყვანეს და ეს უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნები აკეთებენ. ეს არასწორი მიდგომა არის და ასე ჩვენი უცხოეთში მყოფი მოქალაქეები ზარალდებიან," - ამბობს კაპანაძე.

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 8 აპრილს თქვა, რომ ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე ბევრად ძლიერი სახელმწიფოები. 

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, 6 000-დან 10 000 მოქალაქამდე ქვეყანში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ორი დღის წინ, 6 აპრილს ისაუბრა. 

 

კომენტარები