კორონავირუსი საქართველოში

სამინისტრო: საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში რჩება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყაზარმული მდგომარეობა გრძელდება. უწყების ინფორმაციითვე, ყველა სამხედრო ნაწილში უსაფრთხოების უმაღლესი ნორმები მოქმედებს, ამ დრომდე შეზღუდულია ქვედანაყოფებში შესვლა და გამოსვლა.

"თავდაცვის ძალები საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით გათვალისწინებული წესებით ხელმძღვანელობს. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება საცხოვრებელი ყაზარმები, სასადილოები და სველი წერტილები." - წერია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციითვე, საკონტროლო პუქტების მორიგეობიდან დაბრუნებული ჯარისკაცები დისლოკაციის ადგილებზე შესვლამდე მუდმივ რეჟიმში გადიან თერმოსკრინინგს, უტარდებათ ფორმისა და აღჭურვილობის დეზინფექცია, შემდეგ კი, ურიგდებათ ხელთათმანები და პირბადეები.

"ქვედანაყოფებში შესვლამდე სპეციალური ხსნარებით დეკონტამინაცია უტარდება სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებსაც. საქართველოს ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების დღიდან სამხედრო მოსამსახურეები 24-საათიანი გრაფიკით ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ საგუშაგოებზე მორიგეობენ," - წერია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა და თითქმის საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. ღამით მოქმედებს კომენდანტის საათი.

ყველა დიდი ქალაქის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუქტებია მოწყობილი. 

ქვეყანაში ამ დროისათვის კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 48 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

კომენტარები