ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი მეთაური: ჩინეთმა ვირუსის გავრცელებაზე ინფორმაცია დამალა

REUTERS

ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის (SIS/MI6) ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჯონ სოუერსმა, 15 აპრილს განაცხადა, რომ ჩინეთმა ახალი კორონავირუსის გავრცელებაზე სასიცოცხლო ინფორმაცია მთელ მსოფლიოს დაუმალა და ამ სიცრუეზე პასუხი უნდა აგოს. მისი შეფასებით, უკეთესი იქნება, თუ პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე მეტად ჩინეთს დააკისრებენ.

"ამერიკაში დიდი ბრაზია იმის გამო, თუ რა ზიანი მიაყენა ჩინეთმა ყველას. ჩინეთი კი ერიდება პასუხისმგებლობას ვირუსის წარმოშობაზე და იმაზე, რომ თავდაპირველად რეაგირება არ მოახდინა," - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დეკემბერსა და იანვარში ჩინეთი გარკვეული პერიოდით დასავლეთს ინფორმაციას უმალავდა.

ახალი კორონავირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი დაავადებული ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა, თუმცა ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა. ასევე, არსებობს არაოფიციალური მოსაზრებები ვირუსის სავარაუდოდ ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვაზე.

აშშ ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვაში და სტატისტიკის გაყალბებაში სდებს ბრალს. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისიც განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს კვლავ უმალავდა ინფორმაციას, რაც ვირუსით დაინფიცირების შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.

კომუნისტურ ჩინეთში არც მედიათავისუფლება არსებობს - 2019 წლის მედია თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ჩინეთი 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილს იკავებს, მას მხოლოდ ერიტრეა, ჩრდილოეთ კორეა და თურქმენეთი მოყვებიან.

კომენტარები