ახალი კორონავირუსი საქართველოში

მთავრობა: მოქალაქეები წირვას დაესწრებიან, საპატრიარქოსთან ამაზე შევთანხმდით

ფოტო არქივიდან - გიორგი გახარია და ილია მეორე

პრემიერმინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ხელისუფლებამ და საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, აღდგომის ღამეს მოქალაქეები ლიტურგიას დაესწრონ, ხელისუფლება კი ტაძრებში სოციალურ დისტანცირებას უზრუნველყოფს.

"დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიებში კი იქნებან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ყველა ეკლესიასთან მობილიზებულები იქნებიან პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზეუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანცირების განუხრელ დაცვას", -თქვა მან.

კომენდანტის საათი და მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა ძალაში რჩება. შესაბამისად, მრევლი ტაძრებში თავს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩნენ.

გარდა ამისა, 17 აპრილიდან 10 დღის განმავლობაში მოქალაქეებს სასაფლაოზე გასვლა ეკრძალებათ.

პარალელურად ექიმები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა პაციენტების დიდ ნაკადს ვერ გაუძლებს და მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვენ.

ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიად გამოცხადდა. Covid 19 ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით, ყველა აქამდე ცნობილ ვირუსზე მარტივად გადადის და განსაკუთრებულ საფრთხეს ასაკით უფროს ადამიანებს, ასევე, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პირებს უქმნის.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები, შეჩერებულია არაერთი ბიზნესის ფუნქციონირება, ჩაკეტილია ქალაქები, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და მისი დარღვევისთვის გამოწერილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონს და ყველა დადგენილ წესს უგულებელყოფს და მას პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. მიუხედავად ექიმების განცხადებებისა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდება, ეკლესია წირვა-ლოცვებს ჩვეულებრივ აგრძელებს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 128 ათასზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა 15%-ს 80 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენენ.

საქართველოში, 15 აპრილის 17:00 საათის მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 306 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 71 ადამიანი, დაიღუპა - 3.

კომენტარები