კორონავირუსი და ეკლესია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო წირვა დილით ჩატარდება, მონასტრებში ღამით

მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი
თეონა თურმანიძე

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის თქმით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღამის ღვთისმსახურება მხოლოდ ეპარქიაში არსებულ მონასტრებში გაიმართება, მრევლის გარეშე, ხოლო სამრევლო ტაძრებში სააღდგომო წირვა აღდგომის დღეს, 19 აპრილს, დილის 7 საათზე დაიწყება. 

ამის შესახებ მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა:

"სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდება ღამისთევით, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე. მხოლოდ იქ მყოფი სასულიერო პირები და მონაზვნები აღასრულებენ ღვთისმსახურებას. თავად მეუფე დიმიტრი ღვთისმსახურებას აღასრულებს ბათუმში, სამების დედათა მონასტერში, საიდანაც იქნება პირდაპირი ჩართვა და ტრანსლირება. ყველას მიეცემა საშუალება, სახლიდან მოისმინოს ღვთისმსახურება, ვინც ტაძარში მოსვლას ვერ შეძლებს. ეს მხოლოდ მონასტრებს ეხება. 

რაც შეეხება სამრევლო ტაძრებს, ყველა ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემები კომენდანტის საათთან დაკავშირებით და არ დარღვიონ კანონი.  დილის 7-ზე დაიწყება ღვთისმსახურება, შეეძლებათ, დაესწრონ, რა თქმა უნდა, დისტანციის და იმ რეკომენდაციების დაცვით, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული,"- თქვა დეკანოზმა იოანემ და აღნიშნა, რომ წესრიგს ტაძრებში მყოფი სამღვდელოება და სტიქაროსნები გააკონტროლებენ. 

ხელისუფლებამ და საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, აღდგომის ღამეს მოქალაქეები ლიტურგიას დაესწრონ, ხელისუფლება კი ტაძრებში სოციალურ დისტანცირებას უზრუნველყოფს.

კომენდანტის საათი და მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა ძალაში რჩება. შესაბამისად, მრევლი ტაძრებში თავს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩნენ.

ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიად გამოცხადდა.

Covid 19 ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით, ყველა აქამდე ცნობილ ვირუსზე მარტივად გადადის და განსაკუთრებულ საფრთხეს ასაკით უფროს ადამიანებს, ასევე, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პირებს უქმნის.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები, შეჩერებულია არაერთი ბიზნესის ფუნქციონირება, ჩაკეტილია ქალაქები, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და მისი დარღვევისთვის გამოწერილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონს და ყველა დადგენილ წესს უგულებელყოფს და მას პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. მიუხედავად ექიმების განცხადებებისა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდება, ეკლესია წირვა-ლოცვებს ჩვეულებრივ აგრძელებს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 128 ათასზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა 15%-ს 80 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენენ.

საქართველოში, 15 აპრილის 17:00 საათის მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 306 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 71 ადამიანი, დაიღუპა - 3.

კომენტარები