კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპი: აშშ-ში კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევების პიკმა გადაიარა

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პიკმა გადაიარა და მიმდინარე თვეს რამდენიმე შტატში შეზღუდვები მოიხსნება.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსით დაავადების ახალი შემთხვევების პიკმა გადაიარა. იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და კვლავ შესანიშნავი პროგრესი გვექნება." თქვა მან.

ყოველდღიურ ბრიფინგზე ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შტატების გახსნის რეკომენდაციებს გუბერნატორებთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადებს.

მიმდინარე კვირას ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში შეზღუდვების მოხსნის შესაძლო თარიღად 1 მაისი განიხილებოდა, თუმცა ახლა განაცხადა, რომ ზოგიერთ შტატში შესაძლოა შეზღუდვები უფრო ადრეც მოიხსნას. კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა საფრთხეს შეზღუდვების ნაადრევად მოხსნა, მან უპასუხა:

"ქვეყნის დაკეტვაც სიკვდილიანობასთანაა კავშირში." ტრამპმა თქვა, რომ კარანტინის გამო, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხმა წამოიწია და ეკონომიკის გაყინვასთან ერთად სუიციდის პრევენციის ცხელი ხაზები გადატვირთულია.

ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, რატომ იყო გლობალურად ვირუსისაგან გარდაცვლილთა რაოდენობაში აშშ-ის წილი ყველაზე მეტი, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ზოგიერთი ქვეყანა იტყუება, მათ შორის ჩინეთი:

"ვინმეს მართლა სჯერა ზოგიერთი ქვეყნის მონაცემების?,"- თქვა მან.

აშშ ახალი კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში ვირუსი დაუდასტურდა 614,246 ადამიანს, დაიღუპა 26,064, გამოჯანმრთელდა 38,820.

ტრამპისვე თქმით, აშშ იძიებს ვერსიებს იმის შესახებ, რომ ვირუსი ვუჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა. პეკინში აშშ-ის საელჩომ ვუჰანში არსებულ ორ ლაბორატორიაში უსაფრთხოების ზომების თაობაზე ეჭვი გამოთქვა. თუმცა, ამავდროულად, აშშ-ის გენერალური შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მაილიმ, თქვა, რომ აშშ-ის დაზვერვის ხელთ არსებული ინფორმაციით, ვირუსი ბუნებრივად გაჩნდა.

კომენტარები