COVID-19

ვატო ლეჟავას მოსაზრება: რა მოხდება მომავალში Covid-19 კრიზისის შედეგად

წარმოდგენილი მოსაზრებები არ გამოხატავს არცერთი ორგანიზაციის მოსაზრებას.

ამ მოსაზრების დაწერა გადავწყვიტე იმისათვის, რომ მომავალში შემემოწმებინა საკუთარი თავი, რამდენად სწორად შევაფასე სიტუაცია და რამდენად სწორად წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა მომავალში Covid-19-ის კრიზისის შედეგად.

სიტუაცია დინამიკურია, იცვლება და მომავლის წინასწარმეტყველება კიდევ უფრო რისკიან საქმეს წარმოადგენს, მაგრამ უკვე მომხდარ მოვლენებზე კომენტატორობის როლი არასოდეს მხიბლავდა და...

დომინირებული მოსაზრებები ახლა ასეთია:

  • კრიზისი უპრეცედენტო და ხანგრძლივია, და
  • კრიზისის შედეგად ჩვენი სამყარო მნიშვნელოვნად შეიცვლება.

არცერთს ვეთანხმები.

გლობალურ დონეზე...

ამ მომენტისათვის 2020 წელს გლობალური ეკონომიკის შემცირების პროგნოზი 2.2%-დან (Economist Intelligence Unit) 3%-ს (IMF) შორის მერყეობს.

რამდენადაც (2020 წლის აპრილის მეორე ნახევარში) მსოფლიო ეკონომიკის „ძრავები“: აშშ, ჩინეთი და ევროკავშირი კრიზისის პიკის გარდატეხისა და ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნის ფაზაში გადადიან, სავარუდოდ, ეს პროგნოზი მნიშვნელოვნად არ დამძიმდება. უფრო ალბათურად მიმაჩნია, რომ ეს პროგნოზი გაუმჯობესდეს, ვიდრე გაუარესდეს.

მაინც, არასახარბიელო პროგნოზია.

თუმცა მსოფლიოს ერთი წლის ეკონომიკური ზრდის ფარგლებშია. ეს ნიშნავს, რომ 2021 წლის დასაწყისში მსოფლიო ეკონომიკა დაუბრუნდება 2019 წლის დასაწყისის დონეს (2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა იყო 3,5%). პრინციპში, არსებითად, 2020 წელი კაცობრიობისათვის ეკონომიკურად დაკარგული წელი გამოვა, მაგრამ არც ამაზე მეტი.

განვითარების ეს სცენარი შორს არის მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკური „განკითხვის დღის“ დაანონსების ყველა სცენარიდან, რომლებიც ახლა დომინირებს. ეკონომიკური „განკითხვის დღე“, სამწუხაროდ, ბევრი კონკრეტული კომპანიისა და ადამიანისათვის შეიძლება დადგეს, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რომ ამან „დიდ სურათზე“ და მსოფლიო ეკონომიკის გენერალური კურსის ცვლილებაზე მოახდინოს გავლენა.

კითხვა შეიძლება იყოს: მოარღვია თუ არა Covid-ეკონომიკამ მსოფლიო ეკონომიკურ სტრუქტურაში რამე ისეთი, რაც „დომინოს ეფექტით“, უკვე Covid-ეკონომიკის დასრულების მერე, მსოფლიო ეკონომიკის ისეთ სასიცოცხლო ფუნქციებს დააზიანებს, ან ისეთ მუტაციას გამოიწვევს მის გენომში, რომ კრიზისი გაგრძელდება, უკვე Covid-19-ის გარეშე, მაგრამ მისი გავლენით.

ახლა დომინირებული მოსაზრებისგან განსხვავებით: მე მგონია, რომ - არა.

ყველა ეკონომიკურ კრიზისს, რომელსაც Covid-19-ის კრიზისს ადარებენ, ორი განმასხვავებელი ბუნება ჰქონდა:

  1. ან გამოწვეული იყო (არასწორი) მმართველობის შედეგად ეკონომიკაში დაგროვილი „დაძაბულობის განმუხტვის“ აუცილებლობით („დიდი დეპრესია“, „2007-8 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი“);
  2. ან გამოწვეული იყო გლობალური ომებით (WW1 და WW2) და დიდი გეოპოლიტიკური ტექტონიკური გადაწყობით („რკინის ფარდის რღვევა“; “1970-იანი წლების ნავთობის კრიზისები”).

პირველ შემთხვევაში ეს არის ეკონომიკის ენდოგენური (შინნაბადი) კრიზისები, ხოლო მეორე შემთხვევაში ეს არის ეგზოგენური (გარეგანი) კრიზისების გავლენა ეკონომიკაზე.

პირველ შემთხვევაში აუცილებელია „დიდი გადატვირთვა“, ხოლო მეორე შემთხვევაში საჭიროა „დიდი გადაწყობა“.

ორივე შემთხვევაში ვალდებულებების, საკონტრაქტო ქსელების, მიწოდების ჯაჭვების გაწყვეტა ხდება, რაც საჭიროებს მათ თავიდან და ახლებურად აწყობას - ამისთვის საჭირო რესურსებს: კაპიტალს, შრომას, ცოდნასა და დროს.

Covid-ეკონომიკა განსხვავდება ორივე შემთხვევისაგან. ეკონომიკა „დაპაუზებულია“.

სიმძლავრეები, ქსელები, მიწოდების ჯაჭვები ადგილზეა. შეუძლებელია, რომ 2-3-თვიანმა, თუნდაც ცოტა ხანგრძლივმა გაჩერებამ რამე სისტემური, ტექტონიკური რღევა შეიტანოს იმაში, რაც ათწლეულები ყალიბდებოდა, იბრძმედებოდა (მათ შორის კრიზისებში), შესაბამისი მდგრადობაც აქვს და რადგან მილიარდობით „მოთამაშის“ ინტერესებიდან გამოდინარეობს, მას ეყრდნობა და ამით საზრდოობს.

მოვა მომენტი და ეს ყველაფერი (შეიძლება, ცოტა „ჭრიალით“) ისევ ამოქმედდება.

ამდენად, არ მგონია, Covid-ეკონომიკას რაიმე ტექტონიკური გავლენა ჰქონდეს მსოფლიო ეკონომიკურ მოწყობაზე, ან როგორღაც „დომინოს ეფექტი“ გამოიწვიოს.

ჩვენ

არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზე აპელირებაც ახლა ხშირად ხდება: Covid-კრიზისის გავლენით ადამიანის წარმოდგენები სამყაროზე შეიცვლება. შესაბამისად, ეს მოახდენს გავლენას პოლიტიკოსებსა და პოლიტიკაზე, რაც შედეგად იმოქმედებს მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურაზე.

განიხილება ორი შესაძლო გავლენა:

  1. მებრძოლი ანტი-გლობალიზმის მარში (არა რიტორიკაში მხოლოდ, არამედ ქმედებაში) და „ნაციონალური ეკონომიკებისკენ“ სვლა, და
  2. დიდწილად დისტანციურ ეკონომიკაზე გადასვლა („მხოლოდ ვირტუალური ოფისები იქნება“ და მსგავსი).

არ მგონია, რომ ასეთი განვითარების რომელიმე ვერსია რეალისტური იყოს (მცირე ტაქტიკური გადახვევების გარდა) და რაიმე ფუნდამენტური გავლენა მოახდინოს მსოფლიო ეკონომიკის ბუნებაზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს ორი ტენდენცია წინააღმდეგობაში მოვა ერთმანეთთან: თუ კარჩაკეტილობა და ეკონომიკური ნაციონალიზმი იქნება ტენდენცია, მაშინ „ნაციონალური ვირტუალური ეკონომიკის“ საჭიროებაც ნაკლებად იქნება და პირიქით.

ამ მოსაზრებების საპირისპიროდ, პირველი, გლობალიზაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია არ არის ვინმეს გადაწყვეტილება (რომ ის, ასევე, ვინმეს გადაწყვეტილებით შეიცვალოს), რომელიც „ზემოდან ქვემოთ“ არის დაშვებული და კურთხეული. პირიქით, ეს არის „ზემოურების“ (პოლიტიკის) რეაქცია იმაზე, რაც „ქვემოურებს“ სურთ, ანუ რეაქცია ადამიანის ინტერესებსა და ეკონომიკის ფუნდამენტურ ლოგიკაზე: სპეციალიზაციის მომგებიანობაზე - ყველასათვის.

დევიდ რიკარდოს მიერ დაახ. 200 წლის წინ გენიალური სიმარტივით ახსნილი შემთხვევა - თუ რატომ ურჩევნიათ პორტუგალიელებს ღვინო აწარმოონ (რაც უკეთ გამოსდით), იმის ნაცვლად, რომ ქსოვილიც აწარმოონ; ღვინო ბრიტანელებს გაუცვალონ ქსოვილში (რომელსაც ისინი უკეთ აწარმოებენ); და გაცვლის შედეგად ორივე მხარე უფრო მოგებულია - არანაირად არ გაუქმებულა და Covid-19 ამ ლოგიკას ვერაფერს დააკლებს, ისევე, როგორც Covid-19 ვერ მოახდენს გავლენას, მაგალითად, გრავიტაციის ძალაზე. 800 წლის წინაც კი რუსთაველის მიხედვით, წუთისოფლის კანონი (სპეციალიაზაცია) ძალაში იყო: „მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს“ - ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოსო და ყველა უკეთ ვიქნებითო.

ამდენად, ადამიანებისა და კომპანიების ინტერესებში იქნება, რომ აკეთონ და აწარმოონ ის, რაც გამოსდით უკეთ და გაცვალონ ეს იმაში, რაც სხვას გამოსდის უკეთ, მათ კი სჭირდებათ. ეს „ნაციონალური ეკონომიკის“ ფარგლებში ეფექტიანად ვერ მოხდება და ამას საქონლის, მომსახურებისა და იდეების გაცვლა - საერთაშორისო ვაჭრობა და შესაბამისად, გლობალიზაცია სჭირდება.

მეორე, არსებობს არასწორი წარმოდგენა, რომ თითქოს, გლობალიზაცია თანამედროვეობის მოვლენაა და ისე გამოდის, თითქოს, გლობალიზაცია მხოლოდ მას შემდეგ არსებობს, რაც მას სახელი ეწოდა და ის ინტერნეტის თანამედროვეა. არადა, გლობალიზაციის პროცესი სულ არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში. ტემპები იყო განსხვავებული.

მაგალითად, ის, რომ ორი დიდი რელიგია (ქრისტიანობა და ისლამი) მსოფლიოს ერთი მცირემოსახლეობიანი კუთხიდან გავრცელდა მთელ სამყაროში და მილიარდების გონებაში და გულებში დაისადგურა, გლობალიზაციის შედეგია.

გლობალიზაცია ინდუსტრიულმა რევოლუციამ დააჩქარა, პოსტ-ინდუსტიულმა ეპოქამ კი „კისრის ტეხვით“ განავითარა და მისი შედეგები უფრო თვალსაჩინო გახადა და იმის ნაცვლად, რომ თაობებს შორის მოეხდინა თვალსაჩინო განსხვავება, თვითონ თაობების ცხოვრების პერიოდში ახდენს უკვე ცვლილებებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გლობალიზაცია „ახალი ხილია“ და რომელიმე Corona-#n ან სხვა მსგავსის გავლენა ადამიანზე ამას შეცვლის.

გლობალიზაციის პროცესში კაცობრიობამ ბევრად უფრო დამანგრეველი ეპიდემიები გადაიტანა (მაგალითად, დაახლოებით 100 წლის წინ ე.წ. „ესპანური გრიპი“), რასაც გლობალიზაციისა და მსოფლიოს ინტეგრაციის გენერალურ კურსზე გავლენა არ მოუხდენია. საკმარისია, მხოლოდ ბოლო 30 წლის ფარგლებში არ ვუყუროთ კაცობრიობის განვითარებას და არ გვეგონოს გლობალიზაცია და ინტერნეტი ერთმანეთის თანამედროვეები, რომ გლობალიზაციის მომავალთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი გვქონდეს.

მეორე ასპექტი, სრულიად (ან დიდწილად) ვირტუალურ ურთიერთებობზე გადასვლის და პირისპირ ურთიერთობების ჩანაცვლების მოლოდინიც არ არის სარწმუნო.

პირველი, კარანტინებმა და დოჩანაშვილისეულმა „კარცერ-ლუქსებმაც“ კი მრავალ ადამიანს მთელს მსოფლიოში ზუსტადაც საპირისპირო დაანახა და დაარწმუნა, რომ ადამიანური პირისპირ ურთიერთობების ჩანაცვლება ძალიან არაეფექტიანი და ტრავმატულია.

ჩვენ „სოციალურ ცხოველებად“ შევიქმენით და ასეთად დავრჩებით.

მაგალითისათვის, ჩვენ აქამდეც შეგვეძლო საუკეთესო ხარისხის ჩანაწერების მეშვეობით მოგვესმინა მუსიკისთვის (იმავე შემსრულებლების იმაზე უკეთესი ჩანაწერითაც კი, ვიდრე „ცოცხალ“ კონცერტებზეა), მაგრამ ამას არ ჩაუნაცვლებია „ცოცხალ“ კონცერტებზე დასწრების სრუვილი და მოთხოვნილება. არც აქამდე და არც ამის მერე.

ყველა ნომინალური მონაცემით ფეხბურთის ყურება ტელევიზიით არის უფრო მოსახერხებელი (მეტი დეტალია თვალსაჩინო), ვიდრე სტადიონზე დასწრებაა. იმ პერიოდის მერე, როდესაც რადიო-რეპორტაჟის მოსმენა იყო მხოლოდ ფეხბურთზე დასწრების მდარე ალტერნატივა და გაჩნდა დიდებული ტექნოლოგიური საშუალება, ლიონელ მესის ბუცების თასმების ფერიც კი გაარჩიო, ფეხბურთზე დამსწრეთა რაოდენობა კი არ შემცირებულა (რომლებიც ამ თასმების ფერს ვერ არჩევენ), არამედ გაიზარდა.

განსხვავებას ორივე შემთხვევაში (კონცერტი და სტადიონი) ქმნის „თანამონაწილეობა“ და „თანაგანცდა“, რაც პერსონალურ ემოციურ გამოცდილებას ჩაუნაცვლებელს ხდის.

სპეციალურად მოვიყვანე მაგალითები, როდესაც ფიზიკური მონაწილეობა პასიურია, ინტერაქტიულიც კი არ არის და მაინც დიდი და ტექნოლოგიურად ჩაუნაცვლებელი მოთხოვნილება არსებობს ამაზე.

მაგალითად, უნივერსიტეტებს, კურიკულუმებისა და პროფესორების გარდა, სწორედ სტუნდეტების ერთმანეთთან ურთიერთობა და იდეების ურთერთგაცვლა ქმნის, რასაც on-line ლექციები ვერ ჩაანაცვლებს ვერასდროს და ვერაფრით.

ასევე, აქამდეც შეგვეძლო „ფანტასტიკურად“ ვირტუალურად გვემოგზაურა მთელ მსოფლიოში, მაგრამ რატომღაც მნიშვნელოვანი დანახარჯის ფასად გვერჩივნა (და მომავალშიც გვერჩივნება) საკუთარი გამოცდილების მიღება მოგზაურობის შედეგად.

2001 წლის 11 სექტემბრის ავია-ტერორისტულმა აქტმა, რომელმაც 3000 სიცოცხლე დემოსტრაციულად იმსხვეპლა, ჩვენი მოგზაურობის მადა ვერ გაანელა. მაგრამ გვასწავლა ამ საფრთხესთან ერთად ცხოვრება და ამ რისკების შემცირება ავიარეისებზე ჩასხდომისას უსაფრთხოების სისტემის დანერგვის გზით. არ არის შორეული მომავალი, როდესაც ჩვენ მოგვიწევს კიდევ ½ საათით ადრე აეროპორტებში მისვლა, რომ ჩასხდომამდე ეპიდემიოლოგიური გაცხრილვა გავიაროთ სწრაფი ტესტებითა და თერმომონიტორინგის მეშვეობით.

ამდენად, არც ფიზიკური ოფისები და მოლაპარაკებები „მოკვდება“ და არც ფიზიკური უნივერსიტეტები; კონცერტებზეც და სტადიონებზეც ვივლით და ალბათ, იმასაც ვერ გავიხსენებთ, საერთოდ როგორ დადგა ასეთი ცხადი საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ?

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართაც, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე მოქმედებს (150 წლის წინანდელი) „ჯევონსის პარადოქსი“: ტექნოლოგიური წინსვლა რესურსების მოსალოდნელი დაზოგვის ნაცვლად იწვევს მოთხოვნის ზრდას - რაც პრაქტიკულ მაგალითზე ნიშნავს, რომ თუკი ჩვენი მანქანა ნაკლებ საწვავს წვავს, ჩვენ ნაკლებ საწვავს კი არ მოვიხმართ, არამედ უფრო მეტ კილომეტრს გავდივართ (საწვავს მაინც იმდენივეს ვწვავთ).

თუ უფრო ადვილია ინფორმაციის გაცვლა (მაგალითად, იმეილით ან ვიდეო-კონფერენციებით), ჩვენ საკომუნიკაციო დროს კი არ ვზოგავთ, არამედ მეტი კომუნიკაცია გვაქვს (მართალია, ჩვენი ეფექტიანობა ამით იზრდება).

შესაბამისად, არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალოს მოთხოვნა პირისპირ ურთიერთობაზე და შედეგად გადაადგილებაზე, შეხვედრებსა და პერსონალურ გამოცდილებაზე.

ამდენად, ამ თვალსაზისითაც არაფერი უნდა შეიცვალოს ფუნდემენტურად.

მაშინ, რა მოხდა?

ვირუსის მუტაციები ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება. ჩვენ უნივერსალური იმუნიტეტი არ გვექნება. ამიტომ, Covid-19-ის კრიზისი არ არის უნიკალური და განუმეორებელი.

ცვლილება არის მხოლოდ ის, რომ ეკონომიკურად განვითარებულ სამყაროში ადამიანის სიცოცხლე უფრო ძვირფასი გახდა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), ინფორმაცია ვირუსზე უფრო სწრაფად („ვირუსულად“ – viral!) ვრცელდება და მისი შედეგები ფარდობითად უფრო მძიმე, ტრავმატული და თვალსაჩინოა.

ჩემი თვალსაზრისით, საკვანძო საკითხი არის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მსოფლიო მოწყობას შორის.

როდესაც გლობალური ეკონომიკა ნელ-ნელა და მეთოდურად შლის ნაციონალურ საზღვრებს და ანეიტრალებს ნაციონალურ სუვერენიტეტს (რაც ეპიდემიების გავრცელებისთვისაც უკეთეს პირობებს ქმნის), საზოგადოებრივი ჯანდაცვის მექანიზმების ინსტრუმენტად ვესტფალიური სუვერენული სისტემა რჩება, ნაციონალური საზღვრების ფარგლებში.

ჰიბრიდული და მაღალტექნოლოგიური ომის პირობებში საზღვარზე გავლებულმა მავრთულხლართებმა, მიწათხრილებმა და პერიმეტრზე განთავსებულმა მესაზღვრეებმა აზრი დაკარგეს. დაახლოებით ასე ანაქრონულად გამოიყურება დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაციონალური ეპიდემიოლოგიური სისტემები, ბევრად უფრო მობილური და ფლუიდური „მტრის“ წინააღმდეგ.

ჩვენ ასევე არ გვაქვს ეპიდემიებთან ბრძოლის რეალურად გლობალური ინსტრუმენტები, მაშინ, როდესაც პრობლემა გლობალური ხასიათის არის.

ამიტომ, პანდემიების გლობალიზაციით განპირობებულ გაზრილ რისკებზე პასუხი ნაკლები გლობალიზაცია (რაც შეუძლებელია) კი არ არის, არამედ კიდევ მეტი გლობალიზაციაა - ასეთ გარემოებებში ეპიდემიებისა და პანდემიების მართვის თვალსაზირისითაც.

საჭიროა ახალი გლობალური ეპიდემიოლოგიური წესრიგი.

მართალია, არსებობს გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), მაგრამ მისი ეფექტიანობა კრიზისების მართვის დროს ისეთივე საეჭვოა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოსი ჰუმანიტარული კრიზისების მართვისას.

ამდენად, საჭიროა მულტილატერული ინსტიტუტის შექმნა, რომელიც ეფექტიანი და ქმედითი იქნება კრიზისებზე დროული და ქმედითი რეაგირებისათვის - ერთგვარი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის NATO“, მათ შორის სწრაფი რეაგირების მექანიზმებით და სპეციალური დანიშნულების ეპიდემიოლოგიური რაზმებით, იმის გათვალისწინებითაც, რომ გაიზრდება ბიოტერორიზმის ცდუნება - „მსოფლიო გააჩერო“, ასეთი თვითმოქმედი და უხილავი მეთოდით.

ცხადია, ამ ინსტიტუტების ლიდერები ისინი უნდა იყვნენ, ვისაც პოტენციურად ყველაზე დიდი ფასი აქვთ გადასახდელი - თავისუფალი სამყარო, ლიბერალური დემოკრატიები განვითარებული ეკონომიკით.

ასევე ცხადია, საკმაოდ რთული ინსტიტუციური მექანიზმი იქნება და დეტალებზე კამათი შეიძლება ხანგრძლივი იყოს, მაგრამ არაეფექტიანი მოქმედების ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი იმდენად მაღალია (რაც უკვე დანამდვილებით ვიცით), რომ ალტერნატივა თითქოს არც არსებობს.

ეს მოითხოვს და გამოიწვევს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე სუვერენიტეტის გარკვეულ დათმობებს და ქმედით სანქციებს საერთაშორისო ჯანდაცვის ახალი წესრიგის დარღვევისათვის.

გლობალურ კრიზისზე ადეკვატური პასუხი მეტი გლობალიზაცია იქნება.

კომენტარები