ნავთობის ბაზარი

WTI-ის მარკის ნავთობის მწარმოებლები მყიდველებს გაყიდულ ბარელზე 40 დოლარს უმატებენ

WTI-ის მარკის ნავთობის ფასი, დღის განმავლობაში 315%-ით დაეცა და ამ დროისთვის ბარელის ღირებულება -39,6 დოლარს შეადგენს - სწორედ ამდენს გადაუხდიან გამყიდველები პროდუქციის მყიდველებს, რომლებიც პროდუქციის დასაწყობებას საკუთარ თავზე აიღებენ. 

უნდა ითქვას, რომ საუბარია ფინანსურ ბირჟებზე და პროდუქციით ფიზიკური ვაჭრობის დროს საპირისპირო გადახდა ნაკლებად მოსალოდნელია. საქმე ეხება მაისის ბოლო დღეების ფიუჩერსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს შეძენილ პროდუქციას მყიდველები სწორედ ამ თარიღებში მიიღებენ. 

რამდენიმე წუთით ადრე ნავთობის ფასი 1$-ზე ნაკლები იყო. ის მთელი დღის განმავლობაში ეტაპობრივად უფასურდებოდა. ამავდროულად, ამავე სახეობის ნავთობზე ივნისის ფიუჩერსებიც გაიაფდა, თუმცა განულებას გადაურჩა და 21 დოლარის ფარგლებში ივაჭრება.

WTI-ის [West Texas Intermediate] მარკის ნავთობი, აშშ-ში, ტექსასში წარმოებული ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სახეობაა. ამ მარკის ნავთობზე ფასის დაცემა დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, იმის შესახებ, რომ კონკრეტულად ამ სახეობის ნავთობის შემნახველი საწყობები შესაძლოა უახლოეს კვირებში გადაივსოს. 

ნავთობის ფასის ასე დაცემა კორონავირუსის კრიზისის გამო მოთხოვნის მკვეთრმა შემცირებამ განაპირობა და შემდეგ OPEC+-ის შეთანხმების ჩაშლამ გამოიწვია. 

წინა კვირაში გამოქვეყნდა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, ნავთობის საერთაშორისო მიწოდება მოთხოვნას 20 მილიონი ბარელით აღემატება და OPEC+-ის შეთანხმება მოპოვების 10 მილიონი ბარელით შემცირებაზე შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. 

კომენტარები