საგანგებო მდგომარეობა

ბაქრაძე: საგანგებოს გაგრძელების საკითხი პარლამენტში პრემიერმინისტმა უნდა წარადგინოს

დავით ბაქრაძე
ტაბულა

ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი პარლამენტში პრემიერმინისტმა გახარიამ უნდა წარადგინოს. პარტიის ერთერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის, თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს ასი ათასობით ადამიანის მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში. ამიტომ, პარტია ითხოვს, რომ საკითხი პარლამენტში გახარიამ წარადგინოს.

მისივე თქმით, არის უამრავი კითხვა, რომელთაც პასუხი პრემიერმა უნდა გასცეს. მთავარი კი არის ის, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა, როგორ ეხმარება მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახლებში გამოკეტილ ასობით ათას ადამიანს და ოჯახს, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობაც კიდევ უფრო დამძიმდა. 

"აუცილებელია, ამ გადაწყვეტილების გასაცნობად პარლამენტში მობრძანდეს პრემიერმინისტრი და არა მისი კანცელარიის რომელიმე თანამშრომელი. აუცილებელია, პარლამენტმა და მთლიანად საზოგადოებამ სწორედ პრემიერისგან გაიგოს, თუ რა სტრატეგია აქვს მთავრობას მომავალი ერთი თვის განმავლობაში. 

როგორ იქნება გამოყენებული და როგორ იმუშავებს საგანგებო მდგომარეობა, როგორც გამოსწორდება ის ხარვეზები, რომლებიც ყველამ დავინახეთ წინა თვის საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობისას", - ამბობს ბაქრაძე.

ევროპული საქართველო კონკრეტული ეკონომიკური გეგმის არსებობის გარეშე საგანგებოს გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ. პარტიაში ამბობენ, რომ მხარს დაუჭერენ ყველა სამედიცინო ღონისძიებას, რომელიც საჭიროა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა არა - აბსურდულ შეზღუდვებს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლით იყო გამოცხადებული. ვადა დღეს იწურება.

მთავრობამ საგანგებოს 10 მაისამდე გახანგრძლივების მოთხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა პირობებით გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, მოიხსნება, თუ არა მანქანების გადაადგილების შეზღუდვა და შეიცვლება, თუ არა ის შეზღუდვები, რაც უკვე ერთი თვეა ქვეყანაში მოქმედებს.

კომენტარები