ეკლესია და კორონავირუსი

მეუფე სპირიდონი: უნდა ვაღიაროთ, რომ კორონავირუსისგან დედიკო ღვთისმშობელმა დაგვიფარა

ტაბულა

სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის თქმით, საქართველოში კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში ვითარდება და ეს "ღვთისმშობლის წილხვედრობის" დამსახურებაა. მეუფე სპირიდონმა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 21 აპრილს იქადაგა და აღნიშნა, რომ "ეპიდემიასთან გამკლავება გარკვეულ პარამეტრებთან არის დაკავშირებული".

"პირველი, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს გამართული, მენეჯმენტი, ფარმაკოლოგია, დიაგნოსტიკა, აპარატურა, ექიმების პროფესიონალიზმი... მეორე, დამოკიდებულია ფინანსურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მესამე, ქვეყნის ხელისუფლების ოპერატიულ თავდაცვით მოქმედებაზე. ახლა რა ვქნათ ჩვენ? ვის მივაწეროთ საქართველოში ასეთი საოცარი მსუბუქი მიმდინარეობა? თუ ჩვენ ვიტყვით რომ ეს არის შედეგი ჩვენი ჯანდაცვის, ფინანსურ-ეკონომკური და ჩვენი სახელისუფლებო რგოლების ეფექტური მოქმედების, მაშინ საგანთა ლოგიკის, ფაქტების ლოგიკის მიხედვით, უნდა ვაღიაროთ, რომ აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში და ა.შ მინიმუმ 100-ჯერ უარესია ეს პარამეტრები. მაგრამ ეს ხომ არასერიოზულია? ღიმილს იწვევს"- ამბობს მეუფე სპირიდონი. 

"მოდი რა, მოვიდრიკოთ, დავხაროთ თავი და ვთქვათ, დედა ღვთისმშობელო, მაღალო ღმერთო, დიდება შენს სახელს, შენ გვიფარავ ჩვენ და იმიტომაა. თორემ ჩვენ გავნადგურდებოდით საერთოდ, იმიტომ რომ რა დონემდე ჩამორჩება ჩვენი სამსახურები [სხვა ქვეყნებს] და რა დღეში ვიქნებოდით ჩვენ, მაგაზე რომ იყოს დამოკიდებული"- აღნიშნავს ის. 

მისივე თქმით, ვინც იშრომა, იმან "ღვთისმშობლის ძალით" მოახერხა ეს, თორემ ვერაფერს გააკეთებდა. 

"უარესი მოხდებოდა ბევრად, იმიტომ რომ ის ქვეყნები უფრო წარმატებულები არიან ფინანსურად, ეკონომიკურად, მენეჯმენტის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ დაგვიფარა ჩვენმა დედიკო ღვთისმშობელმა. აი, ეს უნდა ვაღიაროთ ჩვენ"- ამბობს მთავარეპისკოპოსი. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები, შეჩერებულია არაერთი ბიზნესის ფუნქციონირება, ჩაკეტილია ქალაქები, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და მისი დარღვევისთვის გამოწერილია 10 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონს და ყველა დადგენილ წესს უგულებელყოფს და მას პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. მიუხედავად ექიმების განცხადებებისა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდებოდა და ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდებოდა, ეკლესია წირვა-ლოცვებს ჩვეულებრივ აგრძელებს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მაინც მრევლთან ერთად ჩატარდა. ხალხი ერთი კოვზით ეზიარა. გამონაკლისი იყო რამდენიმე ტაძარი, სადაც ლიტურგია მრევლის გარეშე მიმდინარეობდა.

კომენტარები