ლიტვა-საქართველო

ლიტვა საქართველოს, სომხეთს, მოლდოვასა და უკრაინას 100 000 ევროს მედიკამენტებს გადასცემს

Twitter/ Linas Linkevicius

ლიტვა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ სამ ქვეყანას ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს. მედიკამენტების შესაძენად ქვეყანამ 100 000 ევრო გამოყო. 

ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა, Twitter-ზე დაწერა

"ლიტვა აგრძელებს აღმოსავლელი პარტნიორების გვერდით დგომას: ლიტვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 100 000 ევრო გამოყოს, რათა შეიძინოს ლიტვური კომპანიების მიერ დამზადებული მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარების სახით, Covid-19-თან ბრძოლის მიზნით, სომხეთს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გადასცეს", - წერს ლინკევიჩიუსი. 

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა და მეგობარ ქვეყანას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მადლიერი ვარ ჩვენი ლიტველი მეგობრების განგრძობადი სოლიდარობისთვის, რომელიც არაერთხელ უჩვენებიათ. ღრმად ვაფასებ სოლიდურ დახმარებას, რომელიც მათ გაიღეს საერთო საფრთხის, Covid-19-ის წინააღმდეგ. ძალა ერთობაშია და ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ",- დაწერა ზალკალიანმა.

საქართველოში 23 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 420 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 107 გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი კი - გარდაიცვალა. 

კომენტარები