აშშ-ის მთავრობის კვლევა: კორონავირუსი სინათლეში, სითბოსა და ტენიანობაში სუსტდება

Elizabeth R. Fischer / Rocky Mountain Labs/NIAID/NIH

აშშ-ის მთავრობის კვლევის თანახმად, მზის სხივები, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა კორონავირუსს ასუსტებს.

"ვირუსი ყველაზე სწრაფად პირდაპირი მზის სხივით კვდება", - განაცხადა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დირექტორატის უფროსმა, უილიამ ბრაიანმა.

მისი თქმით, ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ვირუსი ყველაზე უკეთ დახურულ, მშრალ სივრცეში ცოცხლობს და ტემპერატურისა და ტენიანობის მატებასთან, მზის სხივების მოხვედრასთან ერთად ძალას კარგავს.

როგორც ბრაიანმა განაცხადა, თუ გლუვ ზედაპირზე მოხვედრილი ვირუსი ნახევარ ძალას სიბნელესა და სიმშრალეში 18 საათში კარგავს, მაღალი ტენიანობისას იგივე ეფექტი 6 საათში, ხოლო მზის სხივის მოხვედრით 2 წუთში მიიღწევა.

სითბოს, მზის შუქსა და ტენიანობას მსგავსი შედეგი აქვს ჰაერში გაბნეული ვირუსისთვისაც. ასეთ დროს, სიბნელეში ვირუსი ერთი საათი ინარჩუნებს ნახევარ ძალას, რაც მზის სხივის მოხვედრით 90 წამამდე მცირდება.

ამისდა მიუხედავად, ბრაიანის თქმით, უპასუხისმგებლობა იქნება იმის თქმა, რომ ზაფხული ვირუსს მოკლავს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კორონავირუსს მძიმე შედეგები აქვს ისეთ ქვეყნებშიც, სადაც ამინდი შედარებით თბილია.

კომენტარები