კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი: ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან, რომ აბიტურიენტებმა უსაფრთხოდ დაწერონ გამოცდები

ხათუნა ზახაშვილის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების გეგმაზე უკვე დაიწყო მუშაობა განათლების სამინისტროსთან. 

NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ცენტრი სამინისტროსთან ერთად მსჯელობს, რა აჯობებს და რა იქნება უფრო უსაფრთხო იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც წელს აბარებენ. 

"მე თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებას გამოცდებზე, ვუსურვებ, რომ მათ მიიღონ ის სასურველი შედეგი გამოცდებზე, რასაც ელიან და რასაც იმსახურებენ და ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის 3-4-საათიანი გამოცდა, რომელზეც უწევთ აბიტურიენტებს მუშაობა, იყოს მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო", - თქვა ხათუნა ზახაშვილმა. 

24 აპრილს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დროს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც განათლებასთან დაკავშირებული გეგმა იქნება წარდგენილი. 

ამ დრომდე შეწყვეტილია სწავლა ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, თუმცა ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღის სავარაუდო ცვლილების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. 

კომენტარები