ტრანსგენდერმა ქალმა მერიის შენობასთან პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა

ტრანსგენდერმა ქალმა მერიის შენობასთან პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა. მერიის შენობასთან პროტესტის ნიშნად ორი ტრანსგენდერი ქალი მივიდა. ერთ-ერთმა მათგანმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და დამწვრობის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ტრანსგენდერი ქალები ამბობენ, რომ სახელმწიფო მათზე არ ზრუნავს, ბინის ქირის გადახდას ვერ ახერხებენ და სწორედ ამიტომ მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას. ისინი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ.

მომხდართან დაკავშირებით "თანასწორობის მოძრაობამ" განცხადება გაავრცელა და მთავრობას მოუწოდა ანტიკრიზისული გეგმის ნაწილად მოიაზროს ლგბტქ ადამიანების საჭიროებები:

"მივმართავთ მთავრობას:

სახელმწიფომ უზრუნველყოს ლგბტქ ადამიანების დახმარება ბინის ქირის სუბსიდირებით ანდა თავშესაფრის შეთავაზებით; 

საგანგებო მდგომარეობისას შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში, სახელმწიფომ  გაითვალისწინოს ლგბტქ ადამიანების საჭიროებები და აღმოუჩინოს მათ შესაბამისი დახმარება"

"კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ტრანსგენდერ ადამიანებს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა დასაქმებულთა მსგავსად, მათაც შეეზღუდათ საქმიანობის შესაძლებლობა, არამედ ისინი ყველაზე მეტად არიან მოკლებული სოციალურ მხარდაჭერას, რაც ოჯახის, ნათესავების თანადგომაში გამოიხატება." ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები