Facebook

ბენიძე: FACEBOOK-მა რუსული სააგენტო News-Front-ის ქსელი წაშალა, მათ შორის საქართველოშიც

მიხეილ ბენიძე
მიხეილ ბენიძე / Facebook

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის, ცნობით, Facebook-მა საკუთარი პლატფორმიდან წაშალა რუსული სააგენტო News-Front-ის ქსელი, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც. 

ბენიძის ცნობით, ორგანიზაცია სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა News-Front Georgia-სა და მასთან დაკავშირებული 12 არაავთენტური ანგარიშის მიერ "ნიუს-ფრონტის" მასალების არაავთენტურ გავრცელებას სხვადასხვა Facebook ჯგუფში. 

"Facebook-ის წარმომადგენლებთან ინტერაქციის შედეგად, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ Facebook მუშაობდა News-Front-ის არაავთენტური ქსელის გამოვლენაზე, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. გასულ კვირაში ჩვენ მათ წინასწარ მივაწოდეთ ჩვენი მონიტორინგის შედეგები. დღეს კი, ეს 12 ანგარიში და რაც მთავარია, თავად News-Front Georgia სოციალური ქსელის პლატფორმაზე აღარ იძებნება. წაშლილია ნიუს-ფრონტის ინფრასტრუქტურა სხვა ქვეყნებშიც", - წერს ბენიძე. 

ბენიძის ცნობით, "სამართლიანი არჩევნები" ნიუს-ფრონტის არაავთენტური ქსელის მოქმედების შესახებ მომზადებულ ანგარიშს მოგვიანებით გაავრცელებს. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სოციალური ქსელის გიგანტი იმ რუსულ არაავთენტურ ანგარიშებს შლის, რომელთა სამიზნეც საქართველოა. მაგალითად, 2019 წლის იანვარში Facebook-ის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტმა 289 გვერდი და 75 ანგარიში წაშალა, რომლებიც "კოორდინირებულ, არაავთენტურ მოქმედებაში" იყვნენ შემჩნეულები.

მაშინ დეპარტამენტმა ორი მანიპულაციური ქსელი გამოავლინა და ორივე მათგანი რუსეთში იყო შექმნილი. მათგან ერთი ქსელი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა, მათ შორის, საქართველოსაც, ხოლო მეორე კი - სპეციფიკურად უკრაინაზე იყო მიმაგრებული. 

2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

Facebook-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულები. 

კომენტარები