ტვ პირველი

რას ამბობენ ჟიჟილაშვილი და გრიგოლია ტვ პირველის საინფორმაციოს ხელმძღვანელის შეცვლაზე

ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურს ნინო ჟიჟილაშვილი აღარ უხელმძღვანელებს. როგორც ჟიჟილაშვილმა ტაბულასთან თქვა, მისი და არხის ხელმძღვანელთა ხედვები ამ სეგმენტში ერთმანეთს არ დაემთხვა.

"საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. ამიტომ მოგვიხდა ამ სეგმენტში დაშორება.

განსაკუთრებულ წარმატებას ვუსურვებ ამ არხის ნიუსის ახალგაზრდა შემადგენლობას - პრინციპულს, საქმიანს და ღირსეულს, რომელთან ერთადაც ჩვენ 2 თვეში შევძელით რთული და საზოგადოებისთვის ძალიან კრიზისული პერიოდი სარედაქციო შეცდომების გარეშე გაგვევლო და ნიუსის ყურებადობაც გაგვეზარდა. ყველამ, ვინც ამ გუნდს შეუერთდება უნდა იცოდეს, რომ დაჭირდება თავისუფლად გაზრდილ ჟურნალისტურ თაობასთან მუშაობის უნარები", - თქვა ჟიჟილაშვილმა. 

ტაბულა ტელეკომპანია პირველის გენერალურ დირექტორს, ინგა გრიგოლიასაც დაუკავშირდა. გრიგოლიას ინფორმაციით, ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება - ტელეკომპანია მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადის. გრიგოლიამ ასევე დაადასტურა, რომ არხის ხელმძღვანელობასა და ნინო ჟიჟილაშვილს განსხვავებული ხედვები ჰქონდათ. 

"ნიუსთან დაკავშირებით რაღაც განსხვავებული ხედვები გვქონდა, თუმცა ჩვენ მეგობრები ვართ - ნინო ჩვეულებრივად აგრძელებს არხზე მუშაობას. დემოკრატიაც ეს არის - შეიძლება ერთმანეთის აზრს არ ვიზიარებდეთ", - თქვა გრიგოლიამ. 

ინგა გრიგოლია უარყოფს, რომ საკადრო ცვლილება არხზე "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის მისვლას უკავშირდება. 

"არანაირ კავშირში არ არის ეს ყველაფერი, მე მგონი, არანაირ კავშირში არ უნდა იყოს. ნოდარს თავისი საქმე აქვს, ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს - გვინდა კიდევ უფრო განახლებული და გაძლიერებული ნიუსი, კიდევ უფრო დიდი რესურსით გაკეთებული, ადამიანურ რესურს ვგულისხმობ. ეს ტელევიზია ერთად გავაკეთეთ და ერთად გავაგრძელებთ, აქ არ არის საუბარი რაიმე მტკივნეულ ცვლილებებზე", - ამბობს გრიგოლია.  

როგორც გრიგოლიამ ტაბულას უთხრა, არხზე 3 ახალი თოქ-შოუ გავა, მათ ნინო ჟიჟილაშილი, თეონა ბაკურიძე და ნოდარ მელაძე წაიყვანენ. გრიგოლიას თქმით, შესაძლოა, ახალ გადაცემას თავადაც გაუძღვეს.

ნინო ჟიჟილაშვილი ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსად 26 თებერვალს დაინიშნა.

კომენტარები