ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეის სახელმწიფო მედია: კიმ ჩენ ინი 20 დღის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა

KCNA

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის განცხადებით, კიმ ჩენ ინი 20 დღის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

გასულ პერიოდში, მის უეცარი გაუჩინარების გამო, სხვადასხვა ცნობები ვრცელდებოდა, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების თაობაზე.

პროპაგანდული მედიის ინფორმაციით, 1 მაისს ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა სასუქის ქარხანა გახსნა, სადაც დამსწრეები მას "აპლოდისმენტებით შეხვდნენ".

კორეის ცენტრალური სიახლეების სააგენტოს თქმით, კიმ ჩენ ინს თან ახლა რამდენიმე მაღალჩინოსანი და მისი და, კიმ იო ჯონგი. KCNA-ის ინფორმაციით, კიმი კმაყოფილია ქარხნის წარმოების სისტემით.

დასავლური წყაროები ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდული მედიის ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებენ.

1 მაისს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კიმ ჩენ ინის ხელახალი გამოჩენის ცნობებზე ჰკითხეს, თუმცა მან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ის 15 აპრილს მისი ბაბუის იუბილეს არ დაესწრო. მსგავსი ცერემონია მას არასოდეს გამოუტოვებია. 

25 აპრილს მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გამოტოვა, რომელიც ქვეყნის სამხედრო ძალების ჩამოყალიბებას ეძღვნებოდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი გაგზავნა.

პირველად ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული პირების მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე გავრცელდა. ისინი წერდნენ, რომ კიმს გულზე პრობლემები გასული წლის აგვისტოდან აქვს. მოგვიანებით კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სპეციალური მატარებელი, რომელიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ეკუთვნის, ქალაქ ვონსანის სადგურში გადაიღეს

არსებობდა ვარაუდი, რომ კიმი ელიტარულ კურორტზე კორონავირუსისგან თავის არიდებას ცდილობს. მიუხედავად მისი მხრიდან ქვეყანაში ვირუსის გავრცელების უარყოფისა, სამხრეთ კორეული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქვეყანაში, მათ შორის სამხედრო ძალებში, ვირუსით დაავადების ათასობით შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები