აშშ-ჩინეთი

ჩინეთი: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ინტერესი არ გვაქვს

ჩინეთი მბობს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ინტერესი არ აქვს.

ოფიციალურმა პეკინმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი დამარცხებისთვის.

"აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის შიდა საქმეა, ჩვენ ამაში ჩარევის ინტერესი არ გვაქვს", - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, კენგ შუანგმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელი ხალხი ჩინეთს თავის საარჩევნო პოლიტიკაში "არ ჩაითრევს".

კენგისვე თქმით, ჩინეთი ეპიდემიის "მსხვერპლია" და ვირუსზე პასუხად ზოგიერთი პოლიტიკოსის სუსტი ნაბიჯების გამო ჩინეთზე ბრალის გადატანა "მხოლოდ აშშ-ის პრობლემებს გამოავლენს".

"აშშ-მა უნდა იცოდეს ეს: ვირუსია მტერი და არა ჩინეთი", - თქვა კომუნისტური ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა 30 აპრილს განაცხადა, რომ ჩინეთს სურს, არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს, რათა ტრამპის სახით მოიშოროს ის წნეხი, რასაც ჩინეთი სავაჭრო ომის და სხვა საკითხების გამო გრძნობს.

ტრამპი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთს ადანაშაულებს. მან თქვა, რომ რომ, კორონავირუსის გამო, ჩინეთის პასუხისმგებლობის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს - "მე ბევრის გაკეთება შემიძლია. ჩვენ ვნახულობთ, თუ რა მოხდა".

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ანონიმურად განაცხადა, რომ არაფორმალური "ზავი", რაზეც ტრამპი და სი ძინპინი მარტში სატალეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, ახლა დასრულებულია. 

მაშინ ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ მათი მთავრობები ვირუსის შესაკავებლად თანამშრომლობისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ.

ბოლო თვეებია, აშშ ჩინეთს სტატისტიკის გაყალბებასა და კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. აშშ ჩინეთის მხარეს მოუწოდებს, შეუშვას მისი მეცნიერები ვუხანის ლაბორატორიაში, რათა ვირუსის წარმოშობა უკეთ გამოიკვლიონ.

ახალი კორონავირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია.

ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება.

ასევე, არსებობს მოსაზრებები ვირუსის სავარაუდოდ ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვაზე. ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, გამოქვეყნებამდე მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

1-ელ მაისს პრესკონფერენციაზე ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, ამ ეტაპზე ჰქონდა თუ არა ნანახი რაიმე მტკიცებულება, რაც მას აძლევდა საფუძველს, ეთქვა, რომ ვირუსის წყარო ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი იყო, რაზეც მან უპასუხა - "კი, ნანახი მაქვს".

კომენტარები