კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე მუშევანზე: მოგვცეს ინფორმაცია, თითქოს მათი მოლა და მუფთი თამაშობს ცუდ როლს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოადგილესთან და ცენტრის სამ ეპიდემიოლოგთან ერთად, მარნეულში იმყოფებოდა. დღესვე, NCDC-ის გუნდი ბოლნისსა და თეთრიწყაროში აპირებს ჩასვლას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი და ცენტრის ეპიდემიოლოგები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს შოთა რეხვიაშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამირან გამყრელიძემ რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციასა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეჭვი გამოთქვა, რომ ბოლნისში, სოფელ მუშევანში "ცოტა პოლიტიკურ პროცესებს აქვს ადგილი". ცნობისთვის, პირველ მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულების კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

ამირან გამყრელიძეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, უპასუხა, რომ "რაღაც კრიმინალი უფრო იყო, ვიდრე პოლიტიკური და ამაზე რეაგირებები იქნება”.

ამის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თქვა, რომ "ჩვენ მოგვცეს ინფორმაცია, თითქოს იმათი მოლა და მუფთი თამაშობს ცუდ როლს", რაზეც შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა - "დიახ, ეგეც არის".

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მუშევანში ინფიცირებულები განმეორებით კვლევებს ითხოვენ.

"ეს დაუშვებელია, განმეორებითი კვლევები ჩაუტარდებათ 4 დღის შემდეგ, 8 დღის შემდეგ, მკურნალობის პროცესში. ახლა ჩვენ რომ დავყვეთ იმათ და განმეორებით კვლევებზე წავიდეთ იქ, ეს ნიშნავს, რომ მთელი ეს ხალხი ატყდება, ეს 140 კაცი თუ 180, რომ კიდევ განმეორებით… განმეორებითები არის 3 დღის შემდეგ, 4 დღის შემდეგ, პროტოკოლით როგორც ეკუთვნის და კიდევ გამოჯანმრთელების შემდეგ, ეს ყველას ჩაუტარდება" - ამბობს გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ 3 მაისს ჯანდაცვის მინისტრს შეხვდება და ჯანდაცვის ვერტიკალის გაძლიერების საკითხზე ესაუბრება.

"მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვა ამ პროცესებს ვერ ეყოფა. თითოეულ მერთან უნდა იყოს მარჯვენა ხელი, ვინც ამ მთელ სამედიცინო პროცესებს რაიონებში მართავს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფელ მუშევანში ინციდენტი აღმოფხვრილია. ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის, თქმით, ოჯახის დარწმუნება შეძლეს და ათივე ინფიცირებული კლინიკაში გადაიყვანეს. 

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მომხდართან დაკავშირებული ადამიანების გამოკითხვა. 

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მარნეულშიც მოხდა, თუმცა, მაშინ ადგილობრივები არა კლინიკაში გადაყვანას, არამედ, სრულ კარანტინს და ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებდნენ. ამის გამო, სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს შეიხი მირტაგი ასადოვი და საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი. ასადოვის თქმით, გამოკითხვაზე მისულს უთხრეს, რომ გამოძიება საბოტაჟის მუხლით არის დაწყებული.

კომენტარები