საქართველო-უკრაინა

უკრაინა ელჩის გამოძახებაზე: მეგობარი ქვეყნების ურთიერთობისთვის საფრთხედ არ აღვიქვამთ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, საქართველოს არ გაუწვევია, არამედ თბილისში გამოიძახა, რაც უწყების თქმით დიპლომატიურ საქმიანობაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

უკრაინული მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებაში "მეგობარ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის" საფრთხეს ვერ ხედავს - "ჩვენ მრავალი საერთო პოზიცია და საერთო გამოწვევა გვაქვს. ამავდროულად, ეპიდემიის დაძლევა და ეკონომიკის სტაბილიზაცია ყველა ევროპელის საერთო ამოცანაა".

სამინისტროს თქმით, გამოწვევები უკრაინის მთავრობის მხრიდან არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს:

 "მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ფ ართო გამოცდილება და რეფორმების განხორციელებაში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს , რომლებიც მსოფლიოში ფართოდაა აღიარებული".  

 უკრაინული მხარე საქართველოს აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

მათივე თქმით, საქართველომ ორმხრივი ურთიერთობები უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროცესზე დამოკიდებული არ უნდა გახადოს. 

 "უკრაინულ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენი ხალხების ნებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მას სრული მხარდაჭერა ჰქონდეს".

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სააკაშვილის ჯერ ვიცე პრემიერად, შემდეგ კი მრჩევლად დანიშვნის შესახებ საუბარი დაიწყო, ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ ამან შესაძლოა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვა განაპირობოს.

სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ ქართული მხარის მიერ უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახებას შეცდომად მიიჩნევს.

კომენტარები