აშშ - ტაივანი

აშშ-ის სენატორები 60 ქვეყანას მოუწოდებენ, ტაივანს ჯანმო-ში მხარი დაუჭირონ

8 მაისს ამერიკის კონგრესის საგარეო კომიტეტის სენატორებმა 60 ქვეყანას წერილი მისწერეს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ტაივანის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, ახალი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ფართო ძალისხმევაა საჭირო. ტაივანი კორონავირუსთან ბრძოლაში ერთერთი ლიდერია მსოფლიოში.

ჩინეთის წნეხის გამო, ტაივანი ჯანმო-ს შეხვედრებში მონაწილეობას ვერ იღებს

აშშ-ის განცხადებით, მიმდინარე პანდემიის ჟამს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა გლობალური ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პოლიტიკაზე მაღლა დააყენონ. 

წერილი ტაივანის საკითხზე თანამოაზრე ქვეყნებს და ტაივანის მოკავშირეებს გაუგზავნეს, მათ შორის კანადას, გერმანიას, ბრიტანეთს, ტაილანდს, იაპონიას, საუდის არაბეთს, ავსტრალიას.

ტაივანს სურს, რომ მიმდინარე თვეს ჯანმო-ს გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს - მსოფლიო ჯანმრთელობის ასამბლეის (WHA) - შეხვედრას დაესწროს.

ტაივანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან ჯანმო-სგან დროულად ინფორმაციის მიღება არ შეუძლია, ჩინეთს კი ბრალს სდებს, რომ ტაივანში კორონავირუსზე ჯანმო-ს არასწორ ინფორმაციას აწვდის.

აშშ-ის კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ ტაივანის რესურსები და გამოცდილება მსოფლიოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარება. 

ისინი ქვეყნებს ტაივანის მხარდაჭერისკენ დაჟინებით მოუწოდებენ - "დაავადებები საზღვრებს არ ცნობს".

სენატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტაივანი WHA-ს შეხვედრებს 2009 წლიდან 2016 წლამდე ესწრებოდა. 

2009 წლიდან 2016 წლამდე ჩინეთი ტაივანს უფლებას აძლევდა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსით ყოფილიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2016 წელს ტაივანში პროპეკინური გომინდანის მმართველობა შეიცვალა და პრეზიდენტი ცაი ინგ-ვენი გახდა, ჩინეთმა ჯანმო-ში ტაივანი დაბლოკა.

ჩინეთმა განაცხადა, რომ ტაივანის მცდელობა, შეუერთდეს ჯანმო-ს შეხვედრას, ჩაფლავდება.

"ერთი ჩინეთის პრინციპით" ჩინეთი ტაივანს მის ერთერთ პროვინციად თვლის. კომუნისტური სახელმწიფო აცხადებს, რომ ტაივანის მცდელობების საფუძველი პოლიტიკურია და არა ჯანმრთელობის საკითხით განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ 27 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რითაც  აშშ-ს ტაივანისადმი გაზრდილ თანადგომას ავალდებულებს.

ტაივანმა აპრილში 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმო-სთვის გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთში ატიპური პნევმონია დაფიქსირდა და პაციენტები იზოლაციაში ჰყავდათ, რაც, მათი თქმით, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაზე მიუთითებდა, თუმცა მათ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქციეს.

ჯანმო-ს დირექტორი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ტაივანს რასიზმში ადანაშაულებს, რაც ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო. სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანია ერთადერთი, ვის წინააღმდეგაც საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემა პოლიტიკურ დისკრიმინაციას ეწევა. 

ტაივანი ვირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე არც ჩინეთის და არც ჯანმო-ს ინფრომაციას ენდო - მან 31 დეკმებრს დაიწყო ქმედება და ვუხანიდან ჩამომსვლელების სკრინინგი. ტაივანი მსოფლიოში ერთერთი ლიდერია კორონავირუსის ეპიდემიის მართვაში - ტაივანში, რომელიც კონტინენტური ჩინეთისგან 180 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, იანვრიდან ამ დრომდე ინფიცირების 440 და გარდაცვალების 6 შემთხვევაა დადასტურებული.

გასულ თვეს აშშ-მა ჯანმო-ს დაფინასნება შეუწყვიტა. ტრამპი ამბობს, რომ ორგანიზაციამ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მისი თქმით, ჯანმო-ს მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური ხასიათი განაპირობა.

კორონავირუსის გამო ტრამპის რიტორიკა ჩინეთთან მიმართებით გამკაცრდა. აშშ ჩინეთს სტატისტიკის გაყალბებასა და კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

6 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი უარესია, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და პერლ-ჰარბორზე შეტევები.

კომენტარები