კორონავირუსი სამხრეთ კორეაში

Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სეულში ახალი კლასტერი გაჩნდა

Getty Images

სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები კვლავ გაიზარდა. ვირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა, რაც მიმდინარე თვეს ყველაზე დიდი ზრდაა. ახალი კლასტერი შეზღუდვების შემსუბუქებიდან რამდენიმე დღეში დედაქალაქ სეულში გაჩნდა. ამის გამო ქალაქში კვლავ დაკეტეს ბარები და კლუბები.

კლასტერი 29 წლის კაცს უკავშირდება, რომელიც იტაევონის უბანში გასართობ დაწესებულებებს ეწვია. ამჟამად ტესტირება უტარდება კიდევ 1 510 ადამიანს, რომლებიც იმავე დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.

ქვეყნის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის, თქმით ახალი კლასტერი აჩვენებს, რომ სტაბილიზაციის ფაზის დროსაც კი მსგავსი სიტუაცია კლლავ შეიძლება წარმოიშვას, შესაბამისად, ეპიდემია დასრულებულად ვერ ჩაითვლება.

ახალი კლასტერის გაჩენის შემდეგ სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაავადების დადასტურებულმა შემთხვევებმა 10 806-ს მიაღწია, სულ დაიღუპა 255 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 9 333.

სამხრეთ კორეა ჩინეთის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა, თუმცა შეზღუდვების დროულად შემოღებისა და აგრესიული ტესტირების მეშვეობით მათ ვირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს.

კომენტარები