ავღანეთი

ავღანეთში საავადმყოფოზე შეიარაღებულ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი

EPA

12 მაისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, ექიმები საზღვრებს გარეშე, საავადმყოფოზე შეიარაღებულ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი. თავდამსხმელები საავადმყოფოს შენობაში პოლიციის ფორმაში გადაცმულები შევიდნენ და ცეცხლი გახსნეს. უშიშროების ძალებმა რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ მათი ლიკვიდაცია შეძლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თალიბანმა მომხდართან რაიმე კავშირი უარყო.

ამავე დღეს ქვეყნის აღმოსავლეთით, ნანგარჰარის პროვინციაში პოლიციელის დაკრძალვის დროს აფეთქება მოხდა, რასაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თავდასხმები დაგმო:

"უდანაშაულო ხალხზე ნებისმიერი თავდასხმა მიუტევებელია, მაგრამ ახალშობილებზე და ორსულებზე თავდასხმა აბსოლუტური ბოროტებაა. ტერორისტები, რომლებიც მგლოვიარე ხალხს დაკრძალვაზე, ლოცვისას დაესხნენ თავს, მხოლოდ ოჯახების და თემის დაყოფას ცდილობენ, თუმცა ეს არ გამოუვათ. რამადანის და კორონავირუსის საფრთხის დროს ეს თავდასხმები განსაკუთრებით საზარელია."

თავდასხმების პასუხად ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თქვა, რომ თალიბანის და სხვა დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაციების გაგრძელების ბრძანებას გასცემს.

კომენტარები