8 მარტის შეთანხმება

გრეგოროვა: დასაწყისშივე ინფორმირებულები ვიყავით, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრებსაც ეხებოდა

Pirátské listy

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ძალიან უკმაყოფილოა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებით იმის შესახებ, რომ 8 მარტს დადებული შეთანხმება პოლიტპატიმრებს არ ეხებოდა, რადგანაც ევროპარლამენტარები დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო. 

საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ მწვანე ევროპარლამენტარმა მედია-პროექტში Пограничная ZONA იგორ კუროპტევისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"ვაკვირდები მოვლენებს და ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, როგორც ვითარდება სიტუაცია, რადგან 2 თვის წინ, შეთანხმების დადებიდან ერთ კვირაში ჩვენ საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ რეზოლუციის მიღებას ვაპირებდი. თუმცა, როგორც ყველამ ვიცით, კორონავირუსის გამო სტრასბურგში სტანდარტული პლენარული სხდომა არ ჩატარებულა, შესაბამისად, რეზოლუციაც არ მიგვიღია. 

რაღაც მხრივ, კვლავ იმედს ვიტოვებ, რომ მოლაპარაკებები და შეთანხმება არ იყო დაფუძნებული რეზოლუციის შიშზე, არამედ გულწრფელ შეთანხმებაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას და ყველა პატივსაცემ მხარეს შორის. თუმცა, ეს ასე არჩანს. რა თქმა უნდა, ვერ მეცოდინება, ეს იმის გამო მოხდა, რომ კორონავირუსი დიდებული შესაძლებლობა იყო ამის გასაკეთებლად, თუ თავიდანვე ასე ჰქონდათ დაგეგმილი.

ძალიან უკმაყოფილო ვარ იმ პოზიციით, რომელშიც ხელისუფლებამ ჩაიგდო თავი, როდესაც ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური პატიმრები შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ [ევროპარლამენტარები] დასაწყისშივე ვიყავით ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ ეს შეთანხმების ნაწილი იყო", - ამბობს გრეგოროვა. 

8 მარტს, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, რომელიც ორ ნაწილს მოიცავს, ერთი მხრივ, შეთანხმება ეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას მანდატების გადანაწილების 120/30-ზე პრინციპს, ხოლო მეორე მხრივ, შეთანხმება მოიცავს პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების გარდა შეხვედრებზე მყოფი ყველა მხარე, როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ამბობენ, რომ პოლიტიკური პატიმრების გათვალისწინება შეთანხმების ძირითადი ნაწილი იყო, მმართველი გუნდი ამას არ აღიარებს და ამბობს, რომ ოპოზიცია იტყუება. 

თუმცა, ოპოზიციის გარდა შეთანხმებაში პოლიტპატიმრების საკითხის არსებობს ადასტურებს აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში, გერმანელი ევროპარლამენტარი მიხაილ გალერი და შეთანხმებაში მონაწილე ფასილიტატორების განცხადება. 

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც. მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილეს კონკრეტული გვარებიც და გათავისუფლების მექანიზმებიც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი სწორედ ამის გამო არ მოაწერა.

ამასვე ადასტურებს ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც შეხვედრების ციკლის მონაწილეც იყო. ჩუგოშვილის თქმით, ის მოწმეა, რომ შეთანხმება კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმეებზე რეაგირებასაც მოიცავდა. 

კომენტარები