კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ბოლნისის ორ სოფელში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან ყველა ბოლნისში დადასტურდა. ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაუდასტურა. 

"ბოლნისის ორ სოფელში 15 დადებითი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ დაახლოებით 140 ადამიანზე ჩატარდა კვლევა და გრძელდება ეს პროცესი. იგეგმება მთლიანად სოფლის მოსახლეობის ტესტირება",- ამბობს გამყრელიძე. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გაგზავნილი იყო 131 პირის საკვლევი მასალა, 86-ის პასუხიდან 15 დადებითი აღმოჩნდა. დანარჩენი პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მათივე ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევებიდან ყველას წყარო ცნობილია. შვიდი არის სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირი, ხოლო რვა სოფელ გეტადანაა. 

ბოლო მონაცემებით, ბოლნისში 137 დადასტურებული შემთხვევაა. საქართველოში ჯამში კორონავირუსის შემთხვევები 667-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 383. 

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან კარანტინშია. 

კომენტარები