კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: კომენდანტის საათისა და 3 მგზავრის შეზღუდვის მოხსნა მეტ გადაადგილებას წაახალისებს

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კომენდანტის საათისა და ავტომობილში მხოლოდ სამი მგზავრის ყოფნის შეზღუდვის მოხსნა ადამიანების უფრო მეტ გადაადგილებას წაახალისებს.

ტიკარაძემ ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა, სადაც მას წამყვანმა ჰკითხა, ეკონომიკური საქმიანობებისთვის მუშაობის დაშვების პარალელურად, რატომ რჩება ძალაში კომენდანტის საათი და ავტომობილებში მსხდომი მგზავრების შეზღუდვა.

"ეკონომიკური საქმიანობებისთვის და მათ შორის, სილამაზის სალონებისთვის არის გაწერილი საკმაოდ მკაცრი და მკაფიო გაიდლაინები, რის შედეგადაც მათ უნდა მოახერხეონ სოციალური დისტანცირების დაცვა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეტაპობრივად გადავიდეთ იმ ეკონომიკურ საქმიანობებზე, რომლებიც შეეჩვევიან და ისწავლიან კოვიდ ინფექციის პირობებში მუშაობას.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ კვლავ სამი მგზავრი ავტომობილში და რატომ კომენდანტის საათი - იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება და არ გვინდა, ამ ეტაპზე წავახალისოთ ადამიანები და შევამჭიდროვოთ ის არსებული მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს. თუ ჩვენ მოვხსნით ამ შეზღუდვებს, გარკვეულწილად, ვთვლით, რომ იქნება წახალისებული ადამიანების მეტი გადაადგილება და აქედან გამომდინარე, რისკიც მატულობს", - თქვა მინისტრმა.

დღეს, 14 მაისს, პრემიერმინისტრმა თქვა, რომ 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები. ამასთან, მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში.  

თუმცა, საქართველოს მთავრობამ კვლავ ძალაში დატოვა შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ერთ ავტომობილში სამ ადამიანზე მეტის ყოფნას, მიუხედავად იმისა, ოჯახის წევრები არიან, თუ უცხო ადამიანები. ასევე ძალაში დარჩა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, მძღოლის გვერდით სავარძელი თავისუფალი უნდა იყოს. 

ასევე ძალაში დარჩა ე.წ კომენდანტის საათი, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ.

კომენტარები