გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება

რიში და შაჰინი: ველით საარჩევნო რეფორმას და გ. რურუას გათავისუფლებას

Bloomberg.com

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში და მისი მოადგილე, ჯინ შაჰინი გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ. 

"ოპოზიციის ორი ლიდერის შეწყალებით გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ", — წერს სენატორი რიში. 

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან გასათავისუფლებლად. 

"მივესალმებით დღევანდელ შეწყალებას და ბნ. ოქრუაშვილის და ბნ. უგულავას ციხიდან გათავისუფლებას.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რამაც უნდა გარდაქმნას საარჩევნო სისტემა და დაასრულოს პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში. დღევანდელი გათავისუფლებები ძლიერი სიგნალია მათთვის, ვინც ამ პროცესში ძალისხმევა გასწია და იმუშავა, რომ შეთანხმება ხელმოწერილიყო და პროგრესისთვის მიგვეღწია.

მომდევნო კვირებში, მას შემდეგ რაც პარლამენტი სამუშაო რეჟიმში დაბრუნდება ველით დაპირებულ ცვლილებებს საარჩევნო სისტემაში. ასევე, ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედიის მფლობელის, რომელიც დეკემბერში საეჭვო ბრალდებებით დააკავეს", — ნათქვამია სენატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პოლიტპატიმრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. 

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, დღეს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება გიორგი რურუას, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ასევე ითხოვს - მის საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, თუმცა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული

კომენტარები