კორონავირუსი და ეკონომიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ $3 ტრილიონიანი პაკეტი დაამტკიცა, ტრამპი წინააღმდეგია

Bill Koplitz / FEMA Photo Library

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 3 ტრილიონი დოლარის ღირებულების დამხმარე პაკეტი, თუმცა მასტიმულირებელ ზომებს ეწინააღმდეგებიან რესპუბლიკელები და პრეზიდენტი ტრამპი.

წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობაში დემოკრატები არიან, პაკეტი 208 ხმით 199-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

ძალაში შესასვლელად ახალ დამხმარე პაკეტს სენატის მხარდაჭერა და პრეზიდენტის ხელმოწერა დასჭირდება. რესპუბლიკელები, რომლებიც კონგრესის ზედა პალატაში, სენატში არიან უმრავლესობაში, ამბობენ, რომ ამ პაკეტს მხარს არ დაუჭერენ.

პრეზიდენტი ტრამპი კი აცხადებს, რომ თუ კანონპროექტი მასთან მივა, არ აპირებს, ხელი მოაწეროს.

რესპუბლიკელი კონგრესმენები თვლიან, რომ პაკეტი არაეფექტურია და "სოციალისტურ ჩამორიგებას" უწოდებენ.

ამგვარად, სავარაუდოა, რომ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მოლაპარაკებათა ახალი რაუნდი გაიმართება. წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერის სტენი ჰოიერის თქმით, 27-28 მაისს კენჭი ეყრება ახალ პაკეტს, თუ იქამდე მოესწრება მისი მომზადება.

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად აშშ-ში სამსახური 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაკარგა და უმუშევრობამ 15%-ს მიაღწია, რაც დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ჯერ კიდევ სამი თვის წინ უმუშევრობის დონე ბოლო 50 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო.

აშშ-ის კონგრესმა უკვე დაამტკიცა ოთხი მასტიმულირებელი პაკეტი, რომელთა ჯამური ღირებულებაც $3 ტრილიონ დოლარს აღწევს. ყველა მათგანი ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობდა.

კომენტარები