ახალი ზელანდია

Covid-19-ის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების გამო ახალი ზელანდიის პრემიერი კაფეში არ შეუშვეს

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი ჯასინდა არდერნი კაფეში არ შეუშვეს, რადგან სტუმრების რაოდენობა კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების შედეგად დაწესებულ ლიმიტს აჭარბებდა.

არდერნი ქალაქ ველინგტონში კაფე Olive-ში მივიდა, თუმცა არ შეუშვეს. ახალი შეზღუდვებით კაფეში მსხდომთა შორის დაშორება მინიმუმ 1 მეტრი უნდა იყოს და 100 ადამიანზე მეტის შესვლა აკრძალულია.

არდერნის პრესსამსახურში თქვეს, რომ სხვა ლიდერებისგან განსხვავებით ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი ადგილის დაჯავშნას თანამშრომლებს არ სთხოვს და სხვა ადამიანების მსგავსად რიგში დგომას ამჯობინებს.

კაფეს მეპატრონემ კი განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ადგილი გათავისუფლდა მათმა თანამშრომელმა არდერნი და მისი მეუღლე დააბრუნა და მათ გაუმასპინძლდნენ.

ახალ ზელანდიაში ახალი კორონავირუსის გამო 7 კვირის განმავლობაში მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული. ამჟამად ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მსუბუქდება. 

მაღაზიების უმეტესობა და საჯარო დაწესებულებები იხსნება. მომავალი კვირიდან ახალ ზელანდიაში სკოლები და ბარები გაიხსნება.

26 აპრილს ახალ ზელანდიაში განაცხადეს, რომ საზოგადოებაში კორონავირუსის გავრცელება შეჩერდა. როგორც პრემიერმინისტრი ჯასინდა არდერნი ამბობს, ქვეყანაში ამ დროისთვის "ვირუსი აღმოფხვრილია".

16 მაისის მონაცემებით, ახალ ზელანდიაში ახალი ვირუსით ინფიცირების 1 498 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 21 პაციენტი, 1 428 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები